Wizz Air-ი საქართველოში ოპერირების განახლებას 2021 წლის მარტიდან გეგმავს. როგორც დაბალბიუჯეტურ ავიაკომპანიაში „ბიზნესპარტნიორთან“ განმარტეს, გეგმაში იმ 40-მდე მიმართულების ფრენების აღდგენაა, რომელზეც Wizz Air-ი პანდემიამდე დაფრინავდა. თუმცა, აღნიშნავენ იმასაც, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება COVID-19-ის განვითარებასა და იმ დროისთვის არსებულ შეზღუდვებზეა დამოკიდებული.
“ჩვენ მთავრობასთან დიალოგის მუდმივ რეჟიმში ვართ. ყოველთვის გვაქვს მათთან მოლაპარაკებები. ამ მხრივ არაფერი შეცვლილა. ძალიან მოხარულები ვართ იმით, რომ შეგვიძლია დაბრუნება და ოპერირების განახლება. ოპერირების განახლებას ჩვენ მარტში ვგეგმავთ. მაგრამ, რა თქმა უნდა, ყველაფერი მაინც იმ შეზღუდვებზე იქნება დამოკიდებული, რომელიც იმ დროისთვის იმოქმედებს როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოს სხვა ქვეყნებში. ასე რომ, ჩვენ მზად ვართ ოპერირება მარტში განვაახლოთ. ვიმედოვნებთ, ქუთაისში დაბრუნების შესაძლებლობა გვექნება“,- ამბობს კომპანიის კორპორაციული კომუნიკაციების ხელმძღვანელი, ანდრაშ რადო.
ის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან არც ახალი მიმართულებების დამატებას გამორიცხავს.
„ჩვენ ქუთაისიდან ჩვეულებრივი პირობების დროს დაახლოებით 30-40 მიმართულებით დავფრინავდით. გვსურს, რომ ყველა მიმართულება აღვადგინოთ. და ასევე რამდენიმე ახალიც დავამატოთ. მაგრამ ამაზე საუბარი რელევანტური მარტში იქნება. როდესაც დავინახავთ, რომ ფრენების აღდგენის შესაძლებლობა გვექნება. ყველა მიმართულებით დავიწყებთ ფრენას, თუ თავდაპირველად მხოლოდ რამდენიმე მიმართულებით, ამ დეტალებზე საუბარი მოგვიანებით შემეძლება. ჩემთვის მარტივი წარმოსადგენია ახალი მიმართულებების დამატებაც. ამ ეტაპზე სხვას ვერაფერს დაგიკონკრეტებთ“,- განაცხადა რადომ.
Wizz Air-ის კორპორაციული კომუნიკაციების ხელმძღვანელი განმარტავს, რომ პანდემიის პირველი ტალღის გადაივლის შემდეგ საქართველოდან ფრენების აღდგენა მხოლოდ ქვეყნის მთავრობის გადაწყვეტილებებზე არ იყო დამოკიდებული.
„ეს მხოლოდ საქართველოზე არ იყო დამოკიდებული. საქართველოს რომც ეთქვა, რომ ხსნიდა საზღვრებს და ფრენების აღდგენის უფლებას გვაძლევდა, მეორე მხრივ, ჩაკეტილი იყო სხვა ქვეყნები. იქ განსხვავებული შეზღუდვები მოქმედებდა. მაგალითად, პოლონეთი, გერმანია, ესტონეთი, თუ სხვა. ჩვენ იქ ფრენა არ შეგვეძლო. სამწუხაროდ, მხოლოდ 2 ქვეყანა იყო, სადაც საქართველოს მსგავსი შეზღუდვები მოქმედებდა. მთავრობები საკუთარი მოქალაქეების დაცვას ცდილობენ. მე ვერ განვსჯი მთავრობის გადაწყვეტილებებსა და მათ მიერ დაწესებულ შეზღუდვებს. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მთავრობა COVID-19-ის გავრცელების შესაკავებლად ბევრ რამეს აკეთებს. როგორც კი მდგომარეობა გაუმჯობესდება, მთავრობა გახსნის საზღვრებს. ჩვენ დასაწყებად მზად ვართ“,- ამბობს ანდრაშ რადო.