მოკლე დროში მოგზაურობის შესაძლებლობა საპრეზიდენტო ან სამთავრობო სამუშაო განრიგის მნიშვნელოვანი ნაწილია. ლიდერებისა და სახელმწიფო მეთაურების ნაწილი რეგიონულ და საერთაშორისო შეხვედრებზე მასობრივი, ოთხძრავიანი თვითმფრინავებით მიემგზავრება, მეორე ნაწილი კი მცირე ზომის საჰაერო ხომალდებს იყენებს.

გაგაცნობთ სხვადასხვა ქვეყნის VIP საჰაერო ფლოტს:

ამერიკის შეერთებული შტატები და მისი საჰაერო გიგანტები:

ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო საჰაერო ფლოტი ორი Boeing VC-25 ფართო სალონიანი ხომალდისგან შედგება, რომელსაც Boeing 747-200B თვითმფრინავის სამხედრო ვერსიის კონფიგურაცია აქვს. ორივე საჰაერო გიგანტია და აღნიშნულია კუდის ნომრებით – 28 000 და 29 000. მათ ოპერირებას უწევს აშშ-ის საჰაერო ძალები და მათი რადიო საძახილის კოდია – „საჰაერო ძალები ერთი“ (Air Force One). ეს კოდი პირველად გამოიყენეს 1950-იან წლებში, მას შემდეგ, რაც აშშ-ის 34-ე პრეზიდენტად ეიზენჰაუერი აირჩიეს. აშშ-ის საჰაერო ძალების პროცედურა ითვალისწინებდა ბორტის დასახელებას მისი კუდის ნომრით, თუმცა ეს პროცედურა 1953 წელს საჰაერო ხომალდის შეცდომით იდენტიფიცირების მიზეზი გახდა ვაშინგტონის საჰაერო მოძრაობის კონტროლთან რადიოკავშირისას, ვინაიდან საპრეზიდენტო თვითმრინავსა და Eastern Airlines-ის ხომალდს მინიჭებული ჰქონდა ფრენის/კუდის ერთი და იგივე ნომერი.

აღნიშნული შემთხვევის შემდეგ, აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა გააცნობიერეს, რომ საპრეზიდენტო თვითმფრინავისთვის რადიო საძახილის კოდის კუდის ნომრის შესაბამისად მინიჭება ინციდენტებს გამოიწვევდა და განხორციელდა ცვლილება, რომლის თანახმად, რადიოკავშირისას საპრეზიდენტო ბორტი მოიხსენიება, როგორც „საჰაერო ძალები ერთი“, ხოლო თუ თვითმფრინავით აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მგზავრობს, რადიოკავშირისას გამოიყენება ხომალდის კოდური დასახელება – „საჰაერო ძალები ორი“.

საპრეზიდენტო Boeing 747-200B-ს შეუძლია, მსოფლიოს გარშემო მოგზაურობის მესამედი (12 600 კილომეტრი) იფრინოს საწვავის შევსების გარეშე. ხომალდი აერთიანებს ორ ძირითად სალონს და საბარგო სივრცეს. საპრეზიდენტო ვერსია მოიცავს 370 კვადრატული მეტრს, რომელიც საპრეზიდენტო მოვალეობებისთვის გამოიყენება.

თვითმფრინავში, მეორე სართულზე 70 მგზავრისთვის განკუთვნილი ადგილია, რაც ძირითად სალონად მიიჩნევა. საჰაერო ხომალდს აქვს სამი შესასვლელი, რომელთაგან ორი განთავსებულია მთავარ სალონში, ხოლო ერთი – ქვედა სალონში.

საპრეზიდენტო განყოფილება, რომელიც მდებარეობს თვითმფრინავის წინა ნაწილში, მოიცავს საძილე განყოფილებას, სადაც განთავსებულია ორი დივანი, საპირფარეშო და საშხაპე, ისევე, როგორც მოსაწესრიგებელი სივრცე, ორმაგი ნიჟარა, პირადი ოფისი და საკონფერენციო ოთახი. საჰაერო ხომალდი აღჭურვილია სატელეკომუნიკაციო სისტემებით, მათ შორისაა 87 ტელეფონი და 19 ტელევიზორი.

ამასთანავე, საჰაერო ხომალდში გათვალისწინებულია საიდუმლო სამსახურის, დაცვის პერსონალისა და სხვა თანამშრომლებისთვის, მათ შორის ექიმებისთვის საჭირო სივრცე და აღჭურვილობა და ის განთავსებულია მთავარი სალონის შუა ნაწილში. ერთი შეხედვით, მისი კონფიგურაცია ჩვეულებრივი ავიახაზების პირველი კლასის კაბინის მსგავსია. თუმცა, სამედიცინო სივრცე მოიცავს გასაშლელ საოპერაციო მაგიდას, სასწრაფო სამედიცინო დახმარების საშუალებებს და კარგად აღჭურვილ ფარმაცევტულ განყოფილებას.

თვითმფრინავის საკვების მომზადების ორ განყოფილებას ერთდროულად 100 ადამიანის გამოკვება შეუძლია.

რაც შეეხება ტექნიკურ მხარეს, საპრეზიდენტო თვითმფრინავის ელექტრონული აღჭურვილობა დაცულია და გამძლეა ელექტრომაგნიტური ტალღების წინააღმდეგ. „საჰაერო ძალები ერთი“ ასევე უძლებს ბირთვული აფეთქებით გამოწვეულ რადიაციას და აღჭურვილია აფეთქებისა და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებით.

როგორ მგზავრობს ბრიტანეთის სამეფო ოჯახი:

მაშინ, როდესაც გაერთიანებული სამეფოს მთავრობის წევრები ოფიციალური მოვალეობების განხორციელებისას მგზავრობისთვის კომერციულ ავიარეისებს იყენებენ, სამეფო ოჯახის წევრები VIP საჰაერო ხომალდით გადაადგილდებიან.

RAF Voyager, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც Vespina, Airbus A330 MRTT-ის საჰაერო ხომალდის ვერსიაა, რომელსაც ჰაერში საწვავის შევსებისა და სამხედრო ტრანსპორტის კონფიგურაცია გააჩნია და მას ოპერირებას უწევს სამეფო საჰაერო ძალები. 2015 წელს გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ განაცხადა, რომ საჰაერო ხომალდის რეაბილიტაციის პროექტისთვის 12 მილიონი აშშ დოლარი დაიხარჯებოდა, რომლის შედეგად, Vespina-ს სალონი VIP-ადგილებით აღიჭურვა.

თვითმფრინავის სალონი ბიზნესკლასის სივრცეში 58, ხოლო ეკონომ-კლასის სივრცეში 100 მგზავრის ადგილს მოიცავს. განახლების პროექტის ფარგლებში, საჰაერო ხომალდი ასევე აღიჭურვა დაცული სატელიტური კომუნიკაციებით, რაკეტის აღმომჩენი სისტემებით, საკონფერენციო სივრცეებითა და გამოსაცვლელი ოთახით.

VIP-თვითმფრინავად გადაკეთების მიუხედავად, RAF Voyager-ი კვლავაც ემსახურება სამხედრო მიზნებს საჰაერო სივრცეში საწვავის შევსებისა და პერსონალის ტრანსპორტირების თვალსაზრისით.

აღნიშნული საჰაერო ხომალდის გარდა, სამეფო ოჯახი ასევე იყენებს Luxaviation UK-ის კერძო ჩარტერულ სერვისებსაც, რომელიც, ძირითადად, დაუგეგმავი მოგზაურობისას გამოიყენება.

გაერთიანებული სამეფოს მთავრობის წევრები ძირითადად დაგეგმილ კომერციულ ფრენებს ან 32 Squadron საჰაერო ხომალდს იყენებენ, როდესაც მათ საჰაერო გზით გადაადგილება ესაჭიროებათ.

კანადის სამეფოს საჰაერო ძალების VIP საჰაერო ხომალდი:

კანადის მონარქიის წევრები, ისევე, როგორც გენერალური  გუბერნატორი, პრემიერ-მინისტრი და კანადის მთავრობის სხვა მაღალი რანგის წარმომადგენლები სპეციალური საჰაერო ტრანსპორტით გადაადგილდებიან, რომელსაც კანადის სამეფო საჰაერო ძალების ორი ესკადრონი უწევს ოპერირებას.

კანადის სამეფო საჰაერო ძალები დაყოფილია 437-ე სატრანსპორტო და 412-ე სატრანსპორტო ესკადრონებად. 437-ე სატრანსპორტო ესკადრონს, რომელიც ტრენტონშია ბაზირებული, ფლოტში ჰყავს ხუთი Airbus A310-300s, რომელთაგან ხუთივეს დასახელებაა CC-150 Polaris. ხუთიდან ოთხი თვითმფრინავის კონფიგურაცია ჩვეულებრივი ავიალაინერის მსგავსია, ერთი A310 კი მოდიფიცირებულია VIP დანიშნულებისთვის და ოფიციალურად მოიხსენიება, როგორც „კანადის ძალები ერთი“.

„კანადის ძალები ერთის“ ბორტზე მდებარე მაღალი რანგის თანამდებობის პირისთვის განკუთვნილი განყოფილება მოიცავს საოფისე სივრცეს, საძინებელს, სამზარეულოს, საერთო სივრცეს და საშხაპეს. თვითმფრინავი აღჭურვილია სატელიტური ტელეფონით, ორი კომპიუტერით და პატარა მაცივრით, რომლებიც ხომალდის წინა ნაწილში მდებარეობს.

თვითმფრინავის შუა ნაწილში სტანდარტული სამგზავრო კაბინაა, რომელიც ძირითადად სამხედრო პირების, პრესის წარმომადგენლებისა თუ სხვა სტუმრებისთვის გამოიყენება.

437-ე სატრანსპორტო ესკადრონთან შედარებით, 412-ე სატრანსპორტო ესკადრონს უფრო სპეციფიკური მაღალი რანგის თანამდებობის პირებისთვის განკუთვნილი თვითმფრინავები ჰყავს. აღნიშნული დანაყოფი ამჟამად ოპერირებას უწევს CC-144 ტიპის ოთხ Bombardier Challenger 604 და Bombardier Challenger 650 ბიზნესკლასის ხომალდებს VIP-კონფიგურაციით.

გერმანიისკონრად ადენაუერი“:

სპეციალური თვითმფრინავი, რომლითაც გერმანიის მთავრობის წევრები დაფრინავენ, არის ფართო ტიპის Airbus A340-300, რომელსაც ოპერირებას უწევს გერმანიის სამხედრო საჰაერო ძალების პირველი დივიზია. საჰაერო ხომალდის სახელწოდებაა „კონრად ადენაუერი“.

23 წლის საჰაერო ხომალდი გამოიყენება ოფიციალური და დიპლომატიური მიზნებით მოგზაურობისთვის. სხვა სამთავრობო თვითმფრინავების მსგავსად, A340 მოიცავს საძინებელ ოთახებს და უსაფრთხოების ტექნოლოგიების ფართო სპექტრს. „კონრად ადენაუერს“ შეუძლია, დაფაროს 13 500 კილომეტრი საწვავის შევსების გარეშე და გადაიყვანოს 143 მგზავრი. 2022 წლის ნოემბერში გერმანიის მთავრობამ დააანონსა, რომ ასაკოვანი „კონრად ადენაუერის“ მემკვიდრე მიიღო. ახალი Airbus A350-900 მეორე იყო იმ სამი თვითმფრინავიდან, რომელიც გერმანიის მთავრობამ Airbus-თან 1,3 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების კონტრაქტის ფარგლებში მიიღო.

საჰაერო ძალები ერთისფრანგული  ეკვივალენტი:

„საჰაერო ძალები ერთის“ ფრანგული ეკვივალენტია Airbus A330 ტიპის საჰაერო ხომალდი, რომელსაც ოპერირებას უწევს საფრანგეთის სამხედრო საჰაერო ტრანსპორტის სარდლობა.

24 წლის Airbus A330-200 საპრეზიდენტო და სამთავრობო ფრენებს ასრულებს 2010 წლიდან და ის პირველად, ოფიციალური მოგზაურობისთვის საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ გამოიყენა. საფრანგეთის სამხედრო საჰაერო ტრანსპორტის სარდლობის ფლოტში გადასვლამდე, საჰაერო ხომალდი შვეიცარიის საერთაშორისო ავიახაზების კუთვნილებაში ჩვეულებრივ სამგზავრო რეისებს ასრულებდა.

2010 წელს განხორციელებული რეაბილიტაციის შედეგად, A330 აღიჭურვა მაღალი თანამდებობის პირებისთვის განკუთვნილი განყოფილებით, რომელიც მოიცავს ოფისს, სამედიცინო სივრცეს, მცირე საოპერაციო ოთახს, საკონფერენციო ოთახს და სააბაზანოს.

საფრანგეთის მოქმედი პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ასევე მოგზაურობს კიდევ ერთი VIP-კონფიგურაციის Dassault Falcon 7X ტიპის ფართოკაბინიანი ბიზნესჯეტით. სამძრავიანი თვითმფრინავი ძირითადად მოკლე მანძილზე მგზავრობისთვის გამოიყენება.