საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრთა რიგებს ტრანსპორტირებისა და ლოჯისტიკური სერვისების გლობალური მომწოდებელი ავიაკომპანია იზი ჩარტერი შემოუერთდა. კომპანია 2015 წლიდან სხვადასხვა კატეგორიის ტვირთების ავიაგადაზიდვებს რეგულარულად ახორციელებს.

„იზი ჩარტერის” მთავარი მისიაა მომხმარებლისთვის შექმნას მაქსიმალური კომფორტი და მოახდინოს პოზიტიური ცვლილებები გარემოსა და ადამიანებზე. გუნდი გამუდმებით ახალ მიზნებს ისახავს და, კვალიფიცირებული და გამოცდილი თანამშრომლების დახმარებით, ორიენტირებულია ბაზარზე ხარისხისა და სტანდარტის ზრდაზე.

აღსანიშნავია, რომ კომპანიას მოპოვებული აქვს აკრედიტაცია ევროპაში, გაერთიანებულ სამეფოში, ჰონკ-კოგში, საიდანაც წარმატებით ხორციელდება ავიაგადაზიდვები სხვადასხვა მიმართულებით. ასევე, ხორციელდება ფრენები მალაიზიიდან, ინდონეზიიდან მაკაუდან და ტაივანიდან ნებისმიერი მიმართულებით.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია, კორონავირუსის პანდემიის პერიოდში არაერთი ქვეყნის დახმარება, პისიარ ტესტებით, ვაქცინებითა და სამედიცინო წამლებით, მათ შორის საქართველოში „იზი ჩარტერმა” მილიონი ვაქცინა შემოიტანა.

ასევე, კომპანია აქტიურადაა ჩართული უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთების მიწოდების პროცესში, რაც მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა უკრაინელი ხალხისთვის. აღსანიშნავია, რომ იზი ჩარტერი არის ერთადერთი ავიაკომპანია, რომელიც რეგულარულად ახორციელებს ევროპიდან ჰუმანიტარულ რეისებს.

„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მიესალმება ავიაკომპანია „იზი ჩარტერს” BAG-ის წევრთა რიგებში. საქმიანობა, რომელსაც „იზი ჩარტერი” ეწევა მნიშვნელოვანია, როგორც ბიზნეს სექტორისთვის, ასევე ჩვენი ქვეყნისთვის. პროფესიონალების გუნდი, რომელიც მართავს კომპანიას ორიენტირებულია მუდმივ ზრდასა და განვითარებაზე, რაც განაპირობებს ხარისხიანი სერვისების მიღებას. განსაკუთრებულად უნდა აღინიშნოს, მათი საქმიანობა უკრაინაში, რადგან ასეთ დროს მსგავსი მხარდაჭერა უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია” – განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.