კომპანია NR Holding-მა, რომელიც გერმანიაში ნიურბურგრინგის სარბოლო ტრასას ფლობს, გაკოტრებული ფრანკფურტ-ჰანის აეროპორტის შეძენის პროცესი ფაქტობრივად დაასრულა. გარიგების თანხა დაახლოებით 20 მილიონი ევროა.

NR Holding-ის უკან კი რუსი ბიზნესმენი ვიქტორ ხარიტონინი დგას. უცხოური მედია წერს, რომ მხარეებ შორის სანოტარო ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია და თანხაც უკვე გადარიცხულია. ხარიტონინი ევროკავშირის სანქციების სიაში არ ფიგურირებს.

რუსეთში ხარიტონინი ფლობს ფარმაცევტულ ჰოლდინგს Pharmstandard-ს – წამლების უმსხვილეს მიმწოდებელს რუსეთის ფედერაციაში, მათ შორის სახელმწიფო კონტრაქტების მიხედვით. აღნიშნული ჰოლდინგი 2021 წელს Sputnik V-ის კორონავირუსის ვაქცინის უმსხვილესი მწარმოებელი იყო. 50 წლის ბიზნესმენის ქონება 1,4 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. გერმანულ მედიაში მას კრემლში კარგი კავშირებით პუტინის მეგობარს უწოდებენ.

ფრანკფურტ-ჰანის აეროპორტი მდებარეობს მაინის ფრანკფურტსა და ლუქსემბურგს შორის, დაახლოებით 120 კილომეტრში ორივე ქალაქიდან. სამოქალაქო თვითმფრინავების პირველი ფრენები შესრულდა 1993 წელს. 2007 წლიდან აეროპორტის მგზავრთა ბრუნვამ და შემოსავალმა კლება დაიწყო და 2021 წელს მისმა მფლობელებმა გაკოტრების შესახებ განცხადება გააკეთეს.

ღამის ფრენების ნებართვა მყიდველებისთვის ფრანკფურტ-ჰანს მიმზიდველს ხდის.