ვინაიდან სახელმწიფომ უარი თქვა მკაცრი შეზღუდვების დაწესების პოლიტიკაზე, შესაბამისი ბიზნესი დადებითი მოლოდინებით შეხვდა მიმდინარე ზამთრის სეზონს, – განმარტავს AviaNews-თან ინტერვიუში სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან კარანაძე, რომელმაც 2021 წელი შეაფასა და განაცხადა, რომ ავიაკომპანიებმა აქტიურ რეჟიმში განაგრძეს ოპერირება, სამოქალაქო ავიაციის სააგენტო კი თავის მხრივ ყოველთვის მზად არის მათთან თანამშრომლობისთვის ბაზარზე დაშვებისა თუ საჰაერო მიმოსვლის ნებართვის გაცემის კუთხით.
“სამოქალაქო ავიაციის სფეროს მთავარ გამოწვევად კვლავ პანდემია რჩება, თუმცა 2020 წლისგან განსხვავებით, 2021 წელი ამ გამოწვევასთან გამკლავების თვალსაზრისით, პირველი პოზიტიური შედეგების მომტან წლად შეიძლება შეფასდეს. დაიწყო საჰაერო მიმოსვლის აღდგენის პროცესი, რამაც დადებითად იმოქმედა ქვეყნის ეკონომიკასა და ტურიზმზე, ხოლო ავიაციის სექტორის დიდ ნაწილს პირდაპირი მნიშვნელობით, გადარჩენის შესაძლებლობა მისცა. საჰაერო მიმოსვლის აღდგენის პროცესში, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ქმედებები იყო სრულ თანხვედრაში როგორც სახელმწიფოს მიერ ტურიზმის და ეკონომიკური აქტივობების გამოცოცხლებით კუთხით გადადგმულ ნაბიჯებთან, ისე თავად კერძო სექტორის, საავიაციო ბაზარზე მოქმედი ავიასაწარმოების ქმედებებთან და კომერციულ მიზნებთან. ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენ მზად შევხვდით ზაფხულის სანავიგაციო სეზონს, ასევე თავად სეზონის მიმდინარეობისას, აქტიურები ვიყავით ავიაკომპანიების მიერ საავიაციო ბაზრის მიმართ გამოჩენილი ინტერესის დაკმაყოფილების კუთხით. შედეგად, 2021 წლის განმავლობაში, საქართველოს საავიაციო ბაზარზე შემოვიდნენ: Eurowings; Bees Airline; FlyArystan; Air Arabia Abu Dhabi; Middle East Airlines; Air Manas და დაგვემატა 16 ახალი მიმართულება. ამასთან, ვინაიდან სახელმწიფომ უარი თქვა მკაცრი შეზღუდვების დაწესების პოლიტიკაზე, შესაბამისი ბიზნესი დადებითი მოლოდინებით შეხვდა მიმდინარე ზამთრის სეზონს. ავიაკომპანიებმა აქტიურ რეჟიმში განაგრძეს ოპერირება, სააგენტო კი თავის მხრივ ყოველთვის მზად არის მათთან თანამშრომლობისთვის ბაზარზე დაშვებისა თუ საჰაერო მიმოსვლის ნებართვის გაცემის კუთხით”, – განმარტავს კარანაძე.