საქართველოს აეროპორტებმა პოსტპანდემიურ მაჩვენებელთან შედარებით მგზავრთნაკადის 48%-ი დაიბრუნა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან AviaNews-ის მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, 2021 წლის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტები რეგულარული და არარეგულარული რეისებით ჯამში 2 496 448 მგზავრს მოემსახურა, რაც 199,39%-ით მეტია 2020 წლის მონაცემებთან შედარებით.

2020 წლის 12 თვეში ქვეყნის აეროპორტები სულ 833 846 მგზავრს, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 5 209 466 მგზავრს მოემსახურა. შესაბამისად 2021 წლის მონაცემები 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით 52,08%-იან კლებას აჩვენებს. 

მგზავრთნაკადის შემცირების დინამიკა 2020 წლის თებერვალ-მარტიდან დაიწყო, როდესაც ქვეყნებმა COVID 19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით საზღვრების ჩაკეტვა დაიწყეს, შეწყდა ავიამიმოსვლაც. ტურიზმი ფაქტობრივად გაჩერდა, რაც პირდაპირპროპორციულად აისახა საჰაერო მიმოსვლაზე. შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე საქართველოს საერთაშორისო რეგულარული ფრენები 2020 წლის 21 მარტიდან შეაჩერა. რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ კი აღნიშნული რეგულაციის ეტაპობრივი მოხსნა დაიწყო. თუმცა პანდემიის ფონზე მთელს მსოფლიოში არაპროგნოზირებადი ვითარებაა.

2021 წლის მონაცემებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 1 683 696 მგზავრს მოემსახურა, რაც 185,31%-ით მეტია, ვიდრე 2020 წლის 12 თვის მონაცემებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა. 2020 წლის განმავლობაში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 590 123 მგზავრს, 2019 წელს კი 3 692 136 მგზავრს მოემსახურა. აღნიშნულ სტატისტიკურ მაჩვენებლებზე დაყრდნობით კარგად ჩანს, რომ 2021 წელს 2019 წელთან შედარებით მგზავრთნაკადის 54,40%-იანი კლებაა. შესაბამისად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 45,6%-ით დაუბრუნდა მგზავრთნაკადის იმ მაჩვენებელს რაც ქონდა 2019 წელს.

სამაგიეროდ 2020 წლის მაჩვენებლებთან შედარებით მგზავრთნაკადის სერიოზული ზრდა ფიქსირდება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. 2021 წელს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტმა 516 017 მგზავრი გაატარა, რაც 903,69%-ით მეტია 2020 წლის, ხოლო 17,32%-ით ნაკლებია 2019 წლის ანალოგიური პერიოდში დაფიქსირებული მგზავრთა რაოდენობის მაჩვენებელზე. 2020 წელს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 51 412 მგზავრს, ხოლო 2019 წელს 624 151 მგზავრს მოემსახურა. შესაბამისად ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 83%-ით დაუბრუნდა მგზავრთნაკადის იმ მაჩვენებელს რაც ქონდა 2019 წელს.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, 2021 წლის მონაცემებით 68%-იანი კლებაა პანდემიამდე არსებულ მაჩვენებლებთან შედარებით. სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, 2021 წლის განმავლობაში 2020 წლის მონაცემებთან შედარებით მგზავრთნაკადის 53,65%-იანი ზრდა დაფიქსირდა, 2019 წლის იანვარ-ნოემბერთან შედარებით კი 67,66%-იანი კლება. 2021 წელს აეროპორტი 282 514 მგზავრს, 2020 წელს 183 873 მგზავრს, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 873 616 მგზავრს.  

რაც შეეხება ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტებს, მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტში 2021 წელს 2020 წლის მაჩვენებლებთან შედარებით მგზავრთნაკადის 62,43%-იანი ზრდაა, ხოლო 2019 წლის მონაცემებთან მიმართებაში კი 40,39%-იანი კლება.

ამბროლაურის აეროპორტში 2020 წლის მაჩვენებლებთან შედარებით 64,74%-იანი მატება, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში კი 1,73%-იანი ზრდა. ხოლო ნატახტარის აეროდრომში 2020 წლის მონაცემებთან შედარებით მგზავრთნაკადის 74,43%-იანი ზრდა დაფიქსირდა, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან კი 21,09%-იანი კლება.