ავიაკომპანია United Airlines-მა Pfizer-ის მიერ წარმოებული, COVID-19-ის ვაქცინის სხვადასხვა ქვეყნების მიმართულებით ტრანსპორტირება დაიწყო. ვაქცინა ჯერ ოფიციალურად დამტკიცებული არ არის, მაგრამ აშშ-ს სამედიცინო მარეგულირებელი ორგანიზაცია FDA სხვებთან ერთად აქტიურად განიხილავს Pfizer-ის ვაქცინებს და შესაძლოა დეკემბრის შუა რიცხვებში დაამტკიცოს კიდეც.

ამავე დროს, რამდენიმე დღის უკან აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკვე განაცხადა, რომ ვაქცინა დეკემბრის დასაწყისში უკვე ხელმისაწვდომი იქნება.

ცხადია, ვაქცინაზე ფართო წვდომა ჯერ არ იქნება – საწყის ეტაპზე დაგეგმილია სამედიცინო მუშაკების და ყველაზე დაუცველი ფენის ვაქცინაცია.

Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ​Pfizer-ის ვაქცინების განაწილების გეგმა მოიცავს აშშ-ს მიჩიგანის შტატის და ბელგიის საწყობებს, აგრეთვე მზადებაშია სასაწყობე მეურნეობები ვისკონსინსა და გერმანიაში. ვაქცინის ტრანსპორტირებისთვის ათობით თვითმფრინავი დღეში უკვე ასობით ფრენას ახორციელებს.

აშშ-ს საავიაციო მარეგულირებელმა FAA უკვე განაცხადა, რომ მხარს უჭერს ვაქცინის პირველ მასობრივ გადაზიდვას და ასევე მუშაობს მის უსაფრთხო ტრანსპორტირებაზე.

United Airlines-მა რეგულატორს უკვე სთხოვა ჩვეულებრივზე მეტი მშრალი ყინულის გადაზიდვის ნებართვა, რათა ბორტზე ვაქცინისათვის საჭირო ტემპერატურა უზრუნველყოს. უკვე ცნობილია, რომ United Airlines-ს 15 ათას ფუნტამდე ყინულის ტრანპორტირებაზე მისცეს ნებართვა, რაც 5 ჯერ მეტია ჩვეულებრივი გადაზიდვების დროს გადატანილი მშრალი ყინულის მასაზე.

ვაქცინები იგზავნება პორტფელის ზომის კონტეინერებით და მისი პატარა ზომა მომარაგების მეტ მოქნილობას უზრუნველყოფს.

Wall Street Journal-ი წერს, რომ ვაქცინების ტრანსპორტირებისთვის სხვა სამგზავრო და სატვირთო ავიაკომპანია ემზადებიან.