ბიზნესის ინტერესების დაცვაზე მალე ახალი ბიზნესგაერთიანება იზრუნებს. ეროვნულ ბიზნეს ლიგას, რომელიც ბიზნესის სხვადასხვა მიმართულებით იმუშავებს, ცნობილი ბიზნესმენი გოჩა ფიფია უხელმძღვანელებს. ცნობილია, რომ ეროვნული ბიზნეს ლიგის აღმასრულებელი დირექტორი გოჩა ფიფია იქნება, ხოლო მისი მოადგილე ირაკლი ეფრემიძე.

ეროვნული ბიზნეს ლიგის ერთ-ერთი დამფუძნებელია ასევე საავიაციო კომპანია Aero Georgia Group-ის დამფუძნებელი იგორ აფციაური, რომელიც ბიზესგაერთიანებაში ავიაციის დარგს გაუწევს კურირებას. როგორც აფციაური განმარტავს, ეროვნულ ბიზნეს ლიგაში გაერთიანებულია ის ადამიანები, რომელთაც საჯარო და კერძო სექტორში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვთ. 

“გაერთიანების ფარგლებში შევეცადეთ მოგვეცვა ეკონომიკის უმნიშვნელოვანესი დარგები და ახლო მომავალში ვაპირებთ, რომ ეს მიმართულებები კიდევ უფრო გავაფართოვოთ. ეროვნულ ბიზნეს ლიგაში საავიაციო სექტორს მე ვუხელმძღვანელებ და იმედი მაქვს, რომ უახლოეს პერიოდში ძალიან ბევრი კომპანია შემოგვიერთდება.

გვაქვს ორი მიზანი: პირველი მიზანი არის ბიზნესის დაცვა და იმ პრობლემების მოგვარება და გადაჭრა, რომელიც ჩემს შემთხვევაში, ავიაციის სექტორში იქნება. მეორე მიზანია – დარგის ხელშეწყობა და განვითარება. ამისთვის კი კონკრეტული სტრატეგია უკვე გაქვს, რაზეც მუშაობა ჯერ კიდევ Aero Georgia Group-ში გვქონდა დაწყებული. ჩვენი მიზანია, რომ საქართველოში ავიაციის მიმართულება მნიშვნელოვნად განვითარდეს, რისთვისაც მოკლე და გრძელვადიანი (5 წლიანი და 15 წლიანი) სამოქმედო გეგმები გვაქვს გაწერილი. 

COVID-19-ის პანდემიის გამო, მოკლევადიანი სამოქმედო გეგმის კორექტირება მოგვიხდა, რადგანაც უფრო მეტი საქმის კეთებაა საჭირო იმისათვის, რომ კიდევ უფრო ნაკლები ზარალით გამოვიდეს დარგი ამ კრიზისიდან.

ეროვნული ბიზნეს ლიგა აქტიურად იმუშავებს ასევე საინვესტიციო მიმართულებით. ჩვენ, ჩვენი წევრების მიმართ, ხელშეწყობა გვექნება არა მხოლოდ იურიდიული და საკონსულტაციო მიმართულებით, ასევე საინვესტიციო კუთხითაც. ჩვენ შესაძლებლობა გვექნება დავეხმაროთ ჩვენს წევრ კომპანიებს იმ ინვესტიციების მოძიებაში, რაც მათი ბიზნესის კიდევ უფრო მეტად განვითარებისთვის იქნება საჭირო. უკვე გვყავს კომპეტენტური გუნდი, რომელის მიზანიც უცხოეთიდან და ადგილობრივი ბაზრიდან ინვესტიციების მოზიდვა იქნება. აღნიშნულის შედეგად კი კომპანიებს, რომლებიც დღევანდელ ვითარებაში საბანკო სექტორიდან ფინანსებს ვერ იღებენ, საშუალება მიეცემათ ბიზნესი განავითარონ. რეალურად ამის საშუალება ჩვენი მხრიდან იქნება და საინვესტიციო ფონდი თუ სხვა, რომელიც იქნება შექმნილი, გვერდით დაუდგება ამ ბიზნესებს”, აცხადებს აფციაური.

იგორ აფციაური ამბობს, რომ ეროვნულ ბიზნეს ლიგას სურს შექმნას განსხვავებული მოდელი და სხვა ბიზნესასოციაციებისგან განსხვავებით მეტი ყურადღება ძირითადად ეროვნულ კომპანიებს და მათ ლობირებას დაუთმოს. აფციაური აცხადებს, რომ ბიზნესთან შეხვედრების ფონზე უკვე გამოკვეთილია ის მიმართულებები, რაზეც ლიგას პირველ ეტაპზევე მოუწევს მუშაობა. 

“მე როგორც ასოციაციის დამფუძნებელი და ბორდის წევრი სხვადასხვა შეხვედრებს ვესწრები. ვისმენ იმ პრობლემებს, რაც ამა თუ იმ სექტორს დღეს გააჩნია. მართლაც, რომ რთული სიტუაციაა, რაც გამოიკვეთა COVID-ის დროს ის პრობლემებია, რაც ამ პანდემიამ მოიტანა. არის სერიოზული პრობლემები ფორსმაჟორის აღიარების მხრივ. დღემდე არ ცხადდება, რომ საგანგებო მდგომარეობა უკვე არის ფორსმაჟორი და ის ე.წ. წერტილოვანი შეზღუდვები რაც ცხადდება უკვე არის ფორსმაჟორი, მაგრამ რადგანაც იურიდიულად ის არ ფორმდება როგორც საგანგებო მდგომარეობა ბიზნესს ექმნება პრობლემები. ბიზნესის 90%-ს აქვს სესხი და ამ სესხების მომსახურება უჭირს, რადგანაც მთლიანად დაკეტილია ტურიზმი, სარესტორნო ბიზნესი და სხვა. ბანკი იმისათვის, რომ ბიზნესს სესხი გადაუვადდეს, მათგან ითხოვს ცნობას ფორსმაჟორის შესახებ, მაგრამ ასეთ ცნობას ვერც ერთი კომპანია ვერ იღებს.

ვფიქრობთ, რომ ამ პრობლემის დასარეგულირებლად სამუშაო გვექნება. ასევე არის ბანკებთან ურთიერთობის და ზოგადად სესხებზე ხელმისაწვდომობის პრობლემები. მიღებულია კანონი, რომლის მიხედვითაც ბანკებს არაპროფილური აქტივების ფლობა ეზღუდებათ, თუმცა ეს მხოლოდ ფურცელზე წერია და რეალურად ამ მხრივ არაფერი შეცვლილა.

ასევე პრობლემატურია ინკასოს თემა. ინკასოს მოხსნას 3 თვე სჭირდება. ავიაციის და ტურიზმის სექტორისთვის წარმოგიდგენიათ ალბათ 1 დღიანი გაჩერებაც კი როგორი მტკივნეულია, და როდესაც შენ გაჩერებული ხარ 1 კვირა, 1 თვე თუ 3 თვე – ეს უკვე ბიზნესისთვის მომაკვდინებელია. 90 დღის შემდეგ სასამართლომ რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს შანსი იმისა, რომ ბიზნესი გაჩერდეს დიდია”, აცხადებს ეროვნული ბიზნეს ლიგის საბჭოს წევრი იგორ აფციაური.