უკრაინელები კი ყოველთვის გვეხმარებოდნენ ტურიზმისა და ავიაციის სექტორის განვითარებაში, კოვიდის დროს კი – დარგის სწრაფად აღდგენაში, წერს სოციალურ ქსელში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი. მისი განმარტებით, უკრაინელები გვეხმარებოდნენ იმით, რომ სხვა ტურისტულ ქვეყნებს შორის ისინი საქართველოს ირჩევდნენ და რომ უკრაინელებს უყვართ საქართველოში მოგზაურობა, ჩვენ კი განსაკუთრებით გვიყვარს მათი მასპინძლობა.

“უკრაინას ყველა ქართველის გულში განსაკუთრებული ადგილი უკავია.

გვაქვს საერთო ღირებულებები, საერთო გასაჭირი, საერთო სწრაფვა განვითარებისკენ, თავისუფლებისაკენ და მაშასადამე ევრო-ინტეგრაციისკენ. გვყავს უამრავი უკრაინელი მეგობარი – სიამაყით ერთმანეთს დებსა და ძმებს ვეძახით.

ხშირად მიწევდა ჩემს უკრაინელ კოლეგასთან ერთად სხვადასხვა საერთაშორისო ღონისძიებებზე, პანელებსა და კონფერენციებზე მონაწილეობა. მაშინ, როდესაც სხვა ქვეყნები ერთმანეთთან კონკურენციაში იყვნენ, გაოცებით ისმენდნენ მარიანას ისტორიებს, თუ როგორ ვეხმარებოდით ახალი ავიაკომპანიების მოზიდვაში, ვაცნობდით სტრატეგიულ პარტნიორებს, ვეხმარებოდით უკრაინის ტურიზმის განვითარების სტრატეგიის შემუშავებაში, რის გამოც, 2021 წელს ის ძალიან ხშირად სტუმრობდა საქართველოს. დაბნეულ კოლეგებს, ბოლოს სიცილით და მარტივად ვუხსნიდით, რომ “we are like sisters and family always helps family”.

უკრაინელები კი ყოველთვის გვეხმარებოდნენ ტურიზმისა და ავიაციის სექტორის განვითარებაში, კოვიდის დროს კი – დარგის სწრაფად აღდგენაში. გვეხმარებოდნენ იმით, რომ სხვა ტურისტულ ქვეყნებს შორის ისინი საქართველოს ირჩევდნენ. უკრაინელებს უყვართ საქართველოში მოგზაურობა, ჩვენ კი განსაკუთრებით გვიყვარს მათი მასპინძლობა.

დღეს, ჩვენს დებსა და ძმებს, ისე როგორც არასდროს, სჭრიდება ჩვენი თანადგომა. ბევრი მათგანი ჩვენს ქვეყანაშია და სამწუხაროდ ვერ ახერხებს სახლში, ოჯახში და საყვარელ ადამიანებთან დაბრუნებას და მათ გვერდით თავისუფლებისთვის ბრძოლას.

საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის კერძო სექტორმა (და არა მხოლოდ), პირველივე წუთიდან, კიდევ ერთხელ დაამტკიცა რომ არის უაღრესად პასუხისმგებლიანი და გულწრფელი მეგობარი ჩვენი მოძმე ერის. მათ საკუთარი სასტუმროების და რესტორნების კარი პირველივე წუთიდან გააღეს ქვეყანაში მყოფი უკრაინელებისთვის და სრულიად უსასყიდლოდ უმასპინძლეს ასეთ რთულ დროს. რისთვისაც კიდევ ერთხელ და მრავალჯერ გადავუხდით მადლობას.

იმისთვის, რომ განვაგრძოთ ჩვენს ქვეყანაში მყოფ თითოეულ უკრაინის მოქალაქეზე ზრუნვა, ჩვენი ჩვეული სტუმართმასპინძლობით, შეიქმნა ახალი პროგრამა:

დახმარების პაკეტი ქვეყანაში მყოფი უკრაინელი ტურისტებისთვის.

(რომლებმაც საზღვარი გადმოკვეთეს 1-23 თებერვლის პერიოდში).

1 მარტიდან სახელმწიფო უზრუნველვყოფს:

განთავსება, სამჯერადი კვება და საჭიროების შემთხვევაში ქვეყნის შიგნით ტრანსპორტირებას – ტურიზმის ადმინისტრაცია

საჭირო ჰოსპიტალური სერვისები – ჯანდაცვის სამინისტრო

გაფართოვებული ქოლ ცენტრი ნებისმიერი კითხივსა და საჭიროებებისთვის – 144-3″, წერს სოციალურ ქსელში მარიამ ქვრივიშვილი