უკრაინამ მეორე An-225 Mriya თვითმფრინავის მშენებლობა დაიწყო. ის ჩაანაცვლებს ლეგენდარულ „ოცნების“ ლაინერს, რომელიც რუსებმა უკრაინაში, კერძოდ გოსტომელში შეჭრისთანავე გაანადგურეს.
გამოცემა Bild-ის ცნობით, ამის შესახებ Antonov-ის სახელმწიფო საწარმოს გენერალურმა დირექტორმა ევგენი გავრილოვმა განაცხადა. მისი თქმით, ახალი Mriya უკვე 30%-ით მზადაა.
“სამუშაო ფარულ ადგილას მიმდინარეობს. მეორე An-225 უზრუნველყოფილი იქნება როგორც ახალი ნაწილებით, ასევე დაზიანებული თვითმფრინავის ნაწილებით”, – აღნიშნა გავრილოვმა.
მეორე Mriya-ს მშენებლობის სავარაუდო ღირებულება 500 მილიონი ევროა. ცნობილია, რომ დაფინანსების მოძიებაში კომპანიას ლაიფციგის/ჰალის საერთაშორისო აეროპორტიც ეხმარება. რუსების მიერ განადგურებული An-225 აღნიშნული აეროპორტის ხშირი სტუმარი იყო. გარდა ამისა, ავიაკომპანია Antonov-ი სწორედ ამ აეროპორტშია, დროებით, ბაზირებული.
აპრილის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მძლავრი თვითმფრინავის აღდგენა იგეგმებოდა. იგეგმებოდა მისი უფრო თანამედროვე ტექნოლოგიური აღჭურვილობითა და ელექტრონიკით აღჭურვა.
ივნისში ცნობილი გახდა ასევე, რომ ბრიტანელი მილიარდერი, რიჩარდ ბრენსონი უკრაინას An-225-ტიპის ახალი თვითმფრინავის აწყობაში დაეხმარებოდა. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, დავით არახამიამ საკუთარ ტელეგრამ-არხით გაავრცელა.
„რიჩარდმა გვითხრა, რომ მზადაა დაგვეხმაროს ყველაფრით, რითაც შეძლებს. ამასთანავე, ის ძალზე აღფრთოვანებული დარჩა ჩვენი ოპტიმიზმით და იმით, რომ ურთულეს დროშიც კი, აეროდინამიკურ და კოსმოსურ ინდუსტრიაში გარღვევებზე ვოცნებობთ“, – წერდა მაშინ არახამია.
საინტერესოა, რომ რიჩარდ ბრენსონი „ანტონოვის“ აეროდრომის აღდგენითაც არის დაინტერესებული, – ამის შესახებ ქალაქ გოსტომელის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ტარას დუმენკომ Facebook-ზე ივნისში დაწერა.
Mriya („ოცნება“) მსოფლიოს უდიდესი სატვირთო თვითმფრინავი იყო, რომლის ერთადერთი ეგზემპლარი გახლდათ. 75-ტონიანი Mriya კიევის მექანიკურ ქარხანაში აიწყო, 1980-იან წლებში.
როგორც ცნობილია რუსმა ოკუპანტებმა გოსტომელის აეროპორტში An-225 Mriya გაანადგურეს. როგორც მაშინ მედია წერდა, Antonov-ის მაშინდელი ხელმძღვანელობა ირიბად არის პასუხისმგებელი უნიკალური თვითმფრინავის დაკარგვაზე, რადგან მან არ ისარგებლა ნატოს შეთავაზებით, დროულად გადაეყვანათ An-225 Mriya უსაფრთხო აეროპორტში.
შეგახსენებთ, რომ რუსულმა ოკუპანტებმა მსოფლიოს უდიდესი თვითმფრინავი AN-225 Mriya ააფეთქეს. თვითმფრინავს პირველად თავს 24 თებერვალს დაესხნენ. FlightRadar-ის მონაცემებით, 5 თებერვლის შემდეგ თვითმფრინავი გოსტომელის აეროდრომზე იდგა. 27 თებერვალს კი უკრაინულმა მხარემ ოფიციალურად დაადასტურა, რომ საჰაერო ხომალდი განადგურდა. AN-225-ის სატვირთო კაბინაში შესაძლებელია მოთავსდეს 50 ავტომობილი. თვითმფრინავს ასობით მსოფლიო რეკორდი აქვს დამყარებული ასაფრენი წონისა და ტვირთამწეობით – Mriya-ს 250 ტონამდე ტვირთის გადაზიდვა შეეძლო. საჰაერო ხომალდის საშუალო სიჩქარე 700 კმ/სთ იყო, ხოლო მაქსიმალური – 850კმ/სთ.
დღესდღეობით მსოფლიოში მხოლოდ ერთი AN-225 არსებობდა და ის უკრაინული ავიაკომპანია და თავისივე მწარმოებლის Antonov Airlines-ის კუთვნილება იყო.