ავიაკომპანია Turkish Airlines-ი (THY) იმ შიდა და საერთაშორისო ავიარეისებს, რომელიც COVID-19-ის პანდემიის გამო შეაჩერა, ივნის, ივლისს, აგვისტოში აღადგენს. 

3 თვიანი განრიგის მიხედვით, ავიაკომპანია ივნისში კვირაში 75 სიხშირით, 19 ქვეყნის 22 პუნქტში მოახდენს ოპერირებას. საქართველო Turkish Airlines-ის გეგმაში ივნისის თვის გეგმაშია და უკვე ცნობილია, რომ აღნიშნულ მიმართულებაზე ავიაკომპანია, თავდაპირველად, ოპერირებას კვირაში 4 სიხშირით მოახდენს. რაც შეეხება სტამბოლი-ბათუმის მიმართულებას, ის ავიაკომპანიის ივნისის გრაფიკში არაა. Turkish Airlines-ი თბილისის მიმართულებით რეისებს როგორც საბიჰა გაგოჩენის საერთაშორისო აეროპორტიდან, ასევე “აეროპორტ სტამბოლიდანაც” ახორციელებდა. თუმცა ამ დროისათვის ავიაკომპანიის საიტზე თბილისის მიმართულებით ბილეთები მხოლოდ “აეროპორტ სტამბოლიდან” იძებნება.

რაც შეეხება ფრენების დაწყების თარიღს, ოფიციალური განცხადება ავიაკომპანიას არ გაუკეთებია, თუმცა სტამბოლი-თბილისის მიმართულებაზე ბილეთის შეძენა 28 მაისის თარიღზეც შესალებელია.

რაც შეეხება საქართველოს ავიაბაზარზე გადაყვანილი მგზავრთნაკადის მიხედვით Turkish Airlines-ი 2019 წლის მონაცემებით ბაზრის 11%-ს ფლობდა. 2018 წელსაც 11%%-ს, ხოლო 2017 წლის მონაცემებით კი 12%-ს.

2020 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით კი Turkish Airlines-ის წილი საქართველოს ავიაბაზარზე 12%-ით იყო განსაზღვრული. 

2019 წლის ზაფხულის სანავიგაციო პერიოდში Turkish Airlines-ი სტამბოლი-თბილისი-სტამბოლის მიმართულებაზე კვირაში 34 სიხშირით ოპერირებდა. 

Turkish Airlines-ის გაწერილი განრიგის თანახმად, ავიაკომპანია ივნისში ფრენებს განახორციელებს შემდეგი მიმართულებით: კანადა – ტორონტო, ყაზახეთი – ალმატი, ავღანეთი – ქაბული, იაპონია – ტოკიო, ჩინეთი – შანხაი, სამხრეთ კორეა – სეული, სინგაპური, დანია – კოპენჰაგენი, შვედეთი – სტოკჰოლმი, ნორვეგია – ოსლო, გერმანია – ფრანკფურტი, ბერლინი, დუსელდორფი და მიუნხენი, ავსტრია – ვენა, ნიდერლანდები – ამსტერდამი, ბელგია – ბრიუსელი, ბელორუსია – მინსკი, საქართველო – თბილისი, ლიბანი – ბეირუთი, ქუვეითი ფა ისრაელი – თელ ავივი. 

ავიაკომპანიის გეგმაშია ასევე ყველა შიდა ფრენის აღდგენა.