ბრანდენბურგის დამე-შპრევალდის ადმინისტრაციული ოლქის სამშენებლო ინსპექციამ ბერლინის ახალ აეროპორტში ტერმინალის გაშვებას მწვანე შუქი აუნთო.

ინსპექციამ საკუთარი გადაწყვეტილება შესაბამისი დოკუმენტებისა და ინფრასტრუქტურის შემოწმების შემდეგ მიიღო და ტერმინალის ექსპლუატაციაში გაშვების ნებართვა გასცა. 

ოპერატორმა კომპანია Flughafen Berlin Brandenburg-მა ტერმინალის ტესტირების პროცესს უკვე შეუდგა. უკვე ცნობილია, რომ ბერლინ-ბრანდენბურგის საერთაშორისო აეროპორტი მუშაობას ოფიციალურად, 9 წლიანი დაგვიანების შემდეგ, 2020 წლის 31 ოქტომბრიდან შეუდგება.

​ცნობილია ისიც, რომ ბერლინ-ბრანდენბურგის საერთაშორისო აეროპორტის გახსნის, ანუ 2020 წლის 8 ნოემბერს ბერლინის ტეგელის საერთაშორისო აეროპორტი (TXL) დაიხურება

პირველი თვითმფრინავი ახალ აეროპორტში სწორედ გახსნის დღესვე დაეშვება. როგორც აეროპორტის ხელმძღვანელმა ენგელბერტ ლუტკე დალდრუპმა რამდენიმე თვის უკან პრესკონფერენციაზე განაცხადა, ტეგელის აეროპორტი 8 ნოემბრიდან დაიხურება.

”8 ნოემბრიდან აღარ იქნება კომერციული ფრენები ტეგელის აეროპორტიდან”- დასძინა მან. ამასთან, ტეგელის ნაცვლად ავიაკომპანიები ფრენებს Schönefeld-ის ძველი ტერმინალიდან განახორციელებენ, მანამ სანამ, მომდევნო რამდენიმე წელიწადში ბერლინ-ბრანდენბურგის საერთაშორისო აეროპორტში დამატებითი ტერმინალები და ასაფრენი ბილიკები შეიქმნება.

ახალი აეროპორტი გერმანიის დედაქალაქის შენეფელდის საერთაშორისო აეროპორტის მხარეს შენდება და ორივე აეროპორტს ერთი ასაფრენი ზოლი აქვს. რეალურად ახალი აეროპორტი არის მეგა პროექტი, რომელიც წარმოადგენს შენეფელდის მოდერნიზებულ და გაფართოებულ ვარიანტს.

თავდაპირველი გეგმით, ბერლინ-ბრანდენბურგის საერთაშორისო აეროპორტი 2011 წელს უნდა გახსნილიყო და იმავდროულად უნდა მომხდარიყო ტეგელისა (TXL) და შენეფელდის (SXF) აეროპორტების დახურვა. თუმცა ახალი აეროპორტის ტერმინალში სახანძრო უსაფრთხოების სისტემების მხრივ პრობლემები შეიქმნა და აეროპორტის გახსნა გადავადდა. 

აეროპორტის გახსნის გაჭიანურების მიზეზი გახდა ისიც, რომ ბერლინ-ბრანდენბურგის აეროპორტის გამტარუნარიანობა შედარებით ნაკლები იყო, ვიდრე ბერლინის სხვა აეროპორტები მგზავრებს ემსახურებოდნენ. 

2015 წელს ბუნდესტაგის დეპუტატმა იენეს კეპენმა, ანგელა მერკელის პარტიიდან, წამოაყენა წინადადება, რომ აეროპორტის მშენებლობა თავიდან, სუფთა ფურცლიდან დაეწყოთ.

აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში აეროპორტის მშენებლობის ხარჯები თითქმის სამჯერ გაიზარდა და 6,5 მილიარდ ევროზე მეტს შეადგენს. ბრანდენბურგის პრემიერ მინისტრი ოპტიმისტურად არის განწყობილი. მას დიდი ნდობა აქვს არსებული მენეჯმენტის მიმართ.

“მენეჯმენტი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ უზრუნველყოს ბერლინ-ბრანდერბურგის უსაფრთხო, მდგრადი და მომხმარებელზე გათვლილი სპეციფიკა 2020 წლის ოქტომბრის ბოლოდან”, – აცხადებს დიტმარ ვოიდკე.

აეროპორტის გახსნის თარიღის დაანონსების შემდეგ, ბერლინ-ბრანდენბურგის აეროპორტის პრესსასმსახურმა განმარტა, რომ დამოუკიდებელი აუდიტი TÜV Rheinland-ი ინსპექტირებას 2020 წლის შემოდგომაზე დაასრულებს.

ასევე ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს ტერმინალ 2-ის მშენებლობისთვის, რომელიც მთლიანად “ლოუკოსტერებზე” იქნება გათვლილი. 

აეროპორტში განაცხადეს, რომ აეროპორტში უკვე დაიწყო ბარგის სისტემის და სხვა აღჭურვილობის მონტაჟი. 

აღსანიშნავია, რომ დღეისათვის ბერლინში ორი კომერციული აეროპორტია. ტეგელის საერთაშორისო აეროპორტი (TXL) და შენეფელდის საერთაშორისო აეროპორტი (SXF).

შენეფელდი, როგორც წესი, იაფფასიანი ავიაციის პოლიტიკას ატარებს და ბერლინის სამხრეთ საზღვრებს გარეთ, ბრანდენბურგის მხარეში მდებარეობს.