“ტურიზმის სექტორში გამოწვევების დასაძლევად მომზადებულ ჩვენს გეგმაში მთავარი აქცენტი აკეთებს მცირე ზომის, უფრო საოჯახო ტიპის სასტუმროებზე გაკეთდება. სწორედ მათ სჭირდებათ ყველაზე მეტად ჩვენი თანადგომა,“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
მინისტრის განცხადებით, სამთავრობო გეგმა კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღებას ითვალისწინებს, რომლებიც ბიზნესის წარმომადგენლებთან საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გამართული შეხვედრების დროს დასმული პრობლემური საკითხების შესწავლის შემდეგ განისაზღვრა.
ერთ-ერთ ასეთ საკითხად ნათია თურნავამ ტურიზმის ბიზნესში დასაქმებული კომპანიების ფინანსური ვალდებულებები დაასახელა, რომელიც განსაკუთრებით მძიმედ მცირე საოჯახო სასტუმროებს დააწვა. მინისტრის თქმით, აღნიშნული ბიზნესსეგმენტისთვის საბანკო სესხის პროცენტის თანადაფინანსება განიხილება. „ფინანსთა სამინისტროსთან ერთად ვმუშაობთ კონკრეტულ კრიტერიუმებზე. ერთ-ერთი მექანიზმი, რაც იქნება გამოყენებული, ესაა პროგრამა „აწარმოე საქართველოში“-ს ფარგლებში ამ მიმართულების მომსახურება,“ – განაცხადა ნათია თურნავამ.
მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა საკრედიტო – საგარანტიო სქემაზე, რომელიც, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მთლიანად იქნება ორიენტირებული ტურისტულ ბიზნესებზე. აღნიშნული სქემა დამატებით უზრუნველყოფას შესთავაზებს ბანკებს, რათა არ გაჩერდეს არამარტო არსებული ბიზნესები, არამედ დაფინანსდეს მათი გაფართოება და პერსპექტიული პროექტები.
სამთავრობო გეგმის მესამე მიმართულებაა მარკეტინგული პროექტები. მინისტრის განცხადებით, მიმდინარე წელს ძირითადი აქცენტი გლობალური პლატფორმების მეშვეობით საქართველოს პოზიციონირებაზე გაკეთდა. „გვაქვს მიმდინარე კონტრაქტები „სი-ენ-ენ“-თან, „ბლუმბერგთან“, National Geographic-თან, ასევე ვსაუბრობთ Google-თან და ამ გლობალური პლატფორმების მეშვეობით მათი წვდომის არეალი იქნება მაქსიმალური და ეფექტური. ჩვენ კიდევ ერთხელ ვიტყვით, რომ საქართველო არის უნიკალური და უსაფრთხო ტურისტული ადგილი, ტურისტული ბაზარი,“ – განაცხადა ნათია თურნავამ.
მინისტრის განცხადებით, მიმდინარე წლის ბოლომდე დაგეგმილია რვაასამდე სხვადასხვა ქვეყნის ჟურნალისტის, ბლოგერის , ტუროპერატორის ჩამოყვანა. „მხოლოდ ივლისში 200-მდე ჟურნალისტი უკვე სტუმრობს საქართველოს. ისინი, ძირითადად, ევროპული ქვეყნების წარმომადგენლები არიან, მაგრამ მათ შორის არიან ჟურნალისტები და ბლოგერები ახალი პერსპექტიული ბაზრებიდან, როგორიცაა საუდის არაბეთი. ჩვენ ვაცნობთ მათ საქართველოს, ისინი კი ჩვენს ქვეყანას თავიანთ მკითხველს გააცნობენ,“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.1