ტურიზმის სექტორის გაძლიერებისა და ხელშეწყობის მიზნით, ინდუსტრია 2021 წლის ქონების გადასახადს აღარ გადაიხდის!, წერს სოციალურ ქსელში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე. მარიამ ქვრივიშვილის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობამ კერძო სექტორთან უკუკავშირის საფუძველზე მიიღო.

“გვქონდა ინტენსიური შეხვედრები კერძო სექტორის წარმომადგენლებთან და მათი უკუკავშირის საფუძველზე, მთავრობამ ოპერატიულად მიიღო დარგისთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება 2021 წლის ქონების გადასახადისგან ერთჯერადად გათავისუფლდეს:

სასტუმროებსა და განთავსების მსგავს საშუალებებში, ასევე დასასვენებელ და სხვა მოკლევადიან განთავსების საშუალებებში გათვალისწინებულ საქმიანობაში გამოყენებული ქონება;

რესტორნებსა და საკვებით მობილურ მომსახურებაში გათვალისწინებულ საქმიანობაში გამოყენებული ქონება;

სასმელებით მომსახურების საქმიანობაში გამოყენებული ქონება;

ტურისტული სააგენტოების, ტურ-ოპერატორების და სხვა დაჯავშნის მომსახურებასა და მათთან დაკავშირებულ საქმიანობაში გამოყენებული ქონება.

აღსანიშნავია, რომ საგადასახადო შეღავათი ასევე გავრცელდება იჯარით, ლიზინგით ან სხვა ამგვარი ფორმით გადაცემულ ქონებაზედაც, თუ ეს ქონება რომელიმე აღნიშნულ საქმიანობაში გამოიყენება”, – განაცხადა ქვრივიშვილმა.