ჰორეკა სექტორი მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, რომელიც ტურიზმის სექტორისთვის 2021 წლის ქონების გადასახადის ჩამოწერას გულისხმობს კმაყოფილია. როგორც რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი შოთა ბურჯანაძე განმარტავს, ეს დიდი შეღავათი იქნება იმ რესტორნებისთვის, რომლებიც საკუთარ შენობა-ნაგებობებს ფლობენ და ასეთი კი 30%-ია.

ჰორეკას სექტორის ნაწილი ამ შეღავათით მართლაც დიდი შვებას იგრძნობს. ეს არის ისეთი რესტორნები, რომელთაც აქვთ საკუთარი შენობა და შესაბამისად ეს მათთვის ძალიან დიდი შეღავათია. იმ რესტორნებისთვის კი რომელთა ქონება, მხოლოდ და მხოლოდ არის ჭურჭელი ან ტექნიკური მიმართულებები, მათთვის დიდი შეღავათი არ არის. მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესაც პრობლემების ქვეშ არის ბიზნესი ნებისმიერი შეღავათი, ეს იქნება ქონების გადასახადიდან თუ სხვა მიმართულებიდან მისასალმებელია”, აცხადებს შოთა ბურჯანაძე.

რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ ბიზნესში “დარჩენილი” ფული ძირითადად ვალდებულებების გასტუმრებისკენ იქნება მიმართული.

“დღესდღეობით რეინვესტირება ცოტა რთული იქნება, მათ აქვთ თავიანთი ვალდებულებები და შესაბამისად ამ ვალდებულებების გასტუმრებაში უფრო იქნება ეს თანხები მიმართული. იქნება შემთხვევებიც როდესაც ეს თანხა ობიექტის გაფართოებაში ან დასაქმების ზრდისკენ წავა”, აცხადებს შოთა ბურჯანაძე.

ტურიზმის სექტორის გაძლიერებისა და ხელშეწყობის მიზნით, ინდუსტრია 2021 წლის ქონების გადასახადს აღარ გადაიხდის!, წერს სოციალურ ქსელში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე. მარიამ ქვრივიშვილის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობამ კერძო სექტორთან უკუკავშირის საფუძველზე მიიღო.

შეგახსენებთ, რომ მთავრობამ ოპერატიულად მიიღო დარგისთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება 2021 წლის ქონების გადასახადისგან ერთჯერადად გათავისუფლდესმ რომელიც გფავრცელდება:

სასტუმროებსა და განთავსების მსგავს საშუალებებში, ასევე დასასვენებელ და სხვა მოკლევადიან განთავსების საშუალებებში გათვალისწინებულ საქმიანობაში გამოყენებული ქონება;

რესტორნებსა და საკვებით მობილურ მომსახურებაში გათვალისწინებულ საქმიანობაში გამოყენებული ქონება;

სასმელებით მომსახურების საქმიანობაში გამოყენებული ქონება;

ტურისტული სააგენტოების, ტურ-ოპერატორების და სხვა დაჯავშნის მომსახურებასა და მათთან დაკავშირებულ საქმიანობაში გამოყენებული ქონება.

აღსანიშნავია, რომ საგადასახადო შეღავათი ასევე გავრცელდება იჯარით, ლიზინგით ან სხვა ამგვარი ფორმით გადაცემულ ქონებაზედაც, თუ ეს ქონება რომელიმე აღნიშნულ საქმიანობაში გამოიყენება.