New Zeeland Herald-ი იტყობინება, რომ Air New Zeeland-ის რეისზე, რომელიც ლოს-ანჯელესიდან ოკლენდში მიფრინავდა, ჟანგბადის ნიღბები ჩამოვარდა როდესაც თვითმფრინავი 7000 ფუტის სიმაღლეზე დაეშვა, რათა თავიდან აეცილებინა ტურბულენტობა, რაც ცრუ საგანგებო ვითარება აღმოჩნდა.

NZ5-ის მგზავრები სალონის განათების მოულოდნელმა ჩართვამ გააღვიძა, რასაც ავტომატური განცხადება მოჰყვა, რომელიც მგზავრებს საგანგებო ვითარების შესახებ აუწყებდა და ნიღბების გაკეთებისკენ მოუწოდებდა.

თვითმფრინავის ერთ-ერთმა მგზავრმა, 23 წლის მორგან კელიმ, New Zeeland Herald-ს განუცხადა, რომ მან სულ მცირე ორი ადამიანი დაინახა, რომლებმაც ვითარებიდან გამომდინარე პანიკური შეტევა განიცადეს. მისი თქმით, მოულოდნელმა საგანგებო სიტუაციამ სალონის ეკიპაჟიც კი გააკვირვა.

“ყველა შოკირებული იყო, მათ შორის ბორტგამცილებლებიც, ეს ნამდვილი სიგიჟე იყო” , – ამბობს კელი. მისი თქმით ამ ყველაფერს მოჰყვა საშინელი 15 წუთი, როდესაც არავინ იცოდა თუ რა ხდებოდა.

პილოტმა სალონის ეკიპაჟს მოუწოდა, რომ დაეცვათ საგანგებო სიტუაციის წესები და ეტარებინათ ჟანგბადის ნიღბები, მანამ სანამ გამოაცხადებდნენ, რომ საფრთხე აღარ არის.

ნიღბები ფრენის დარჩენილი სამი საათის განმავლობაში გახსნილი იყო, რადგან მათი უკან დაბრუნება მხოლოდ ხელით იყო შესაძლებელი.

ავიაკომპანიის უსაფრთხოების უფროსმა, კაპიტანმა დეივიდ მორგანმა New Zeeland Herald-ს განუცხადა, რომ ნიღბები ავტომატურად გაიხსნა, მას შემდეგ რაც თვითმფრინავი 34,000 ფუტის სიმაღლიდან 27,00 ფუტამდე ჩამოვიდა, ტურბულენტობის თავიდან ასაცილებლად.

“7000 ფუტის დაშვების დროს, გააქტიურდა ავტომატური გადაუდებელი გაფრთხილება, რომელმაც მგზავრები ჟანგბადის ნიღბების გაკეთების შესახებ გააფრთხილა”, – თქვა დეივიდ მორგანმა.

ავიაკომპანიამ რეისის მგზავრებს მოუბოდიშა შექმნილი ვითარების გამო, მათი თქმით, ეს არ იყო საგანგაშო სიტუაცია და ჟანგბადის ნიღბებიც არ იყო საჭირო.

“იმის მიუხედავად, რომ ჩვენი ეკიპაჟის წევრები აქტიურად მუშაობდნენ ბორტზე მყოფი მგზავრების დასამშვიდებლად, ჩვენ ვიცით, რომ ეს სიტუაცია მაინც საკმაოდ შემაშფოთებელი იყო ჩვენი მომხმარებლებისთვის”, – განაცხადა დეივიდ მორგანმა.

როგორც წესი, ჟანგბადის ნიღბები მაშინ იხსნება, როდესაც სალონში წნევის პრობლემებს აქვს ადგილი, ან როდესაც ფიქსირდება სიმაღლის მნიშვნელოვანი შემცირება, სწორედ ეს იყო ამ ფრენის დროს შექმნილი ვითარების გამომწვევი მიზეზი.

როგორც Air New Zeeland-ს წარმომადგენელმა განაცხადა, ხარვეზი გამოკვლეული იქნა და თვითმფრინავის მომდევნო ფრენამდე გამოსწორებული იქნება.