არაბეთის გაერთიანებული საამიროების ავიაკომპანია Emirates-ი დამატებით 2 მლრდ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. ავიაკომპანიის ცნობით, 2 მილიარდი დოლარის ოდენობის ინვესტიცია სალონებისა და ბორტის მოდერნიზებაზე, ახალი მენიუსა და ბორტგამცილებელთა სპეციალიზებულ ტრენინგზე დაიხარჯება.

პირველი კლასის მომსახურებაში ულიმიტო ხიზილალას გარდა, “Cinema in The Sky-ს“ სერვისით სარგებლობაც იქნება შესაძლებელი და მგზავრებს უჩვეულო წასახემსებლებს (პოპკორნი, მინი ბურგერი, ლობსტერი) შესთავაზებენ.

ამას გარდა, Emirates-ი განახლებული ვეგანური მენიუს დამატებასაც გეგმავს. აღსანიშნავია, რომ  ვეგანური კერძების ახალი მენიუ სამივე კლასის მგზავრებისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

ავიაკომპანიის განცხადებით, ყველა კლასის თვითმფრინავში დამონტაჟდება ახალი სავარძლები, პანელები, გამოიცვლება იატაკები და სხვა.  უპირატესობა მოძველებულ თვითმფრინავებს მიენიჭება, რომლებიც წლების განმავლობაში არ შეკეთებულა. მათი განახლება ნოემბრიდან დაიწყება. ჯამში Emirates-ი-ს 120-ზე მეტი თვითმფრინავი განახლდება.