ეროვნული კატეგორიის უძრავი ძეგლის სტატუსის მქონე 13 თუშური სოფლის მცხოვრებლებს, რომლებიც ტურისტული ბიზნესის განვითარების მიზნით ახალ მშენებლობებს აწარმოებენ, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო კონსულტაციებისა და საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების მხრივ უსასყიდლოდ მოემსახურება.

სააგენტოში იმედოვნებენ, რომ ახალი ინიციატივა მაღალმთიან ზონაში მდებარე საცხოვრებელი სახლების ისტორიული იერსახის შენარჩუნებას შეუწყობს ხელს და ახლადდაწყებული ქაოტური მშენებლობების პროცესს დაარეგულირებს.

შეგახსენებთ, რომ 2018 წელს თუშეთში მდებარე ათ სოფელსა და ნასოფლარს (ნასოფლარი აგეურთა, ნასოფლარი გირევი, ნასოფლარი დაქიურთა, ციხე-სოფელი ძველი დიკლო, ნასოფლარი ინდურთა, სოფელი კვავლო, სოფელი ფარსმა, ნასოფლარი წარო, ნასოფლარი ჭონთიო, ნასოფლარი ჰეღო) კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა, მოგვიანებით კი ეროვნული კატეგორიის სტატუსი განესაზღვრა. მანამდე თუშეთში ძეგლის სტატუსი მხოლოდ დართლოს, ზემო ომალოსა და დოჭუს ჰქონდა.