ექსტრემალური ტურიზმის სხვადასხვა სახეობიდან თურქეთში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ველოტურიზმია. ეს მიმართულება ბოლო წლების განმავლობაში უფრო და უფრო იხვეწება და ვითარდება. მრავალფეროვანი ლანდშაფტიდან გამომდინარე, ველოტურების მოწყობა ქვეყნის თუთქმის ყველა რეგიონშია შესაძლებელი. ულამაზესი მთები და მინდვრები, ფერადი უდაბნო, ფოთლოვანი და წიწვოვანი ტყეები – ეს და კიდევ სხვა უამრავი დაუვიწყარი ადგილია თურქეთში, სადაც ველომოყვარულს წელიწადის ნებისმიერ დროს (ზამთარშიც კი, თუკი თოვლი არ არის) შეგიძლია იმოგზაურო სხვადასხვა სირთულის გზასა თუ ბილიკზე და სასიამოვნო ემოციებით აივსო.
ცხადია, ველოსიპედით შორ მანძილზე მგზავრობისას თან უნდა იქონიო შესაბამისი აღჭურვილობა: სამუხლე, ჩაფხუტი, ხელთათმანი, საიდაყვე, კამერა, აფთიაქი, წყალი და სათადარიგო ნაწილები. ეს ყველაფერი საჭიროა უსაფრთხო და თავისუფლად გადაადგილებისთვის.

სტამბოლი – ჩანაქქალე
აღნიშნული მარშრუტი გადაჭიმულია სტამბოლიდან ჩანაქქალემდე. იგი იწყება სულთან აჰმედის მეჩეთიდან, რომელიც სტამბოლის ერთ-ერთ უძვირფასეს კულტურულ და არქიტექტურულ მემკვიდრეობას წარმოადგენს და გრძელდება ჩათალჩამდე. თქვენ შეგიძლიათ ველოსიპედით გაიაროთ ქალაქები – ლულებურგაზი, კილკლარელი (Kilklareli), ჩერქეზქოი (Çerkezköy) და სხვ. აღსანიშნავია, რომ ლულებურგაზში არის Luleburgaz Stars Cycling Academy, რომელიც ველოსიპედისტებს მთელ მსოფლიოში სთავაზობს უფასო განსახლებასა და ტექნიკურს მომსახურებას. იქ მოგზაურობისას არ დაგავიწყდეთ რეგიონის ვენახებში წარმოებული ადგილობრივი ღვინოების დაგემოვნებაც, რომელიც მთელ მსოფლიოში არის ცნობილი. მარშრუტი საბოლოოდ მთავრდება ჩანაქქალეს ცენტრში Eceabat-ის გავლით, რომელიც ერთ-ერთი ცნობილი რაიონია თურქეთში.

ცენტრალური ანატოლია, ფრიგიის გზა
ფრიგია მდებარეობდა სამეფო ანატოლიის დასავლეთ ცენტრალურ ნაწილში, ახლანდელ აზიურ თურქეთში, მდინარე სანგარიოსზე . მისი დაპყრობის შემდეგ შეიძლება ითქვას, რომ ის გახდა იმდროინდელი დიდი იმპერიების რეგიონი. ფრიგიის გზა მიესალმება პროვინციებს ანკარას, აფიონკარაჰისარს, ესქიშეჰირსა და კუთაჰიას შორის. მარშრუტი იწყება Yazılıkaya-დან, რომელიც ფრიგიელთა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დასახლებული პუნქტია და იგი გრძელდება ესქიშეჰირამდე. ესქიშეჰირში შეგიძლიათ ეწვიოთ ოდუნფაზარის უბანს, რომელიც 2012 წლიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში შეიყვანეს. ფრიგიის გზის მარშრუტი 500 კმ-ის სიგრძისაა. აღსანიშნავია, რომ ამ მოგზაურობას თან ახლავს შთამბეჭდავი შენობების მონახულება, როგორიცაა მნიშვნელოვანი ეკლესიები, სამარხები, კლდოვანი დასახლებები და სხვ.

ისტორიის შესწავლა: ხეთების გზა
კიდევ ერთი შესანიშნავი მარშრუტი ველოსიპედისტებისთვის არის ხეთების ბილიკი. მარშრუტის მთავარი ცენტრი, რომელიც გადის ძველ საქარავნო და მიგრაციულ მარშრუტებზე, არის ხათუსა.
ხათუსა ხეთების სამეფოს დედაქალაქი იყო, ამჟამად იგი მდებარეობს თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე. ის 1834 წელს გათხრებისას აღმოაჩინეს. არსებობს მოსაზრება, რომ კაპადოკიის მიწისქვეშა ქალაქები, ხეთების მიერაა გაკეთებული. ხათუსა შემაღლებულ ადგილას მდებარეობს. მისი შემოვლა საფეხმავლო ბილიკით არის შესაძლებელი. აქ დღემდეა შემორჩენილი საინტერესო დიდი ქვები, გალავანი, ქვევრი, რომელშიც გათხრების დროს ყურძნის ნარჩენები იპოვეს. ყოველივე ამ კულტურული ძეგლების ნახვა შესაძლებელია აღნიშნულ ველომარშრუტზე. აღსანიშნავია, რომ 1986 წელს ხათუსას ნანგრევები იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში შეიტანეს.
ხეთების ყველა ტომს თავისი ღმერთები ჰყავდა, ამიტომ მათ სამეფოს ხშირად „ათასი ღვთაების ქვეყნად” მოიხსენიებენ.