ანკარა უძველესი ქალაქია და შესაბამისად, აქ ნახავთ რომაული, ბიზანტიური, ელინისტური და ოსმალური ტიპის არქიტექტურასა და ამ პერიოდების შესაბამის არქეოლოგიურ ღირსშესანიშნავ ადგილებს. ისტორიის მოყვარულთათვის იგი ზედგამოჭრილი ადგილია. 24 საათი საკმარისია იმისთვის, რომ ქალაქში ისტორიული ღირსშესანიშნაობები, ხელოვნების გალერეები, მუზეუმები და მაღაზიები დაათვალიეროთ და დრო სასიამოვნოდ გაიყვანოთ.
რა უნდა ნახოთ ანკარაში?
ანითქაბირი ითარგმნება როგორც მემორიალური საფლავი და წარმოადგენს თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებლისა და მისი პირველი პრეზიდენტის, მუსტაფა ქემალ ათათურქის მავზოლეუმს. აქვე, ათათურქის გვერდით არის დასაფლავებული ქვეყნის მეორე პრეზიდენტი ისმეთ ინოლუც. მავზოლეომი მოიცავს ოთხ ნაწილს: ცერემონიალების მოედანს, ლომების გზას, ღირსების დარბაზსა და მშვიდობის პარკს. მაგალითად, “ლომების გზა” არის საფეხმავლო ხეივანი, რომელსაც ორივე მხარეს 12 წყვილი ლომის ქანდაკება ჩაუყვება. აქ ლომები მჯდომარე პოზაში არიან, რაც სიმბოლურად მშვიდობასა და ძალაუფლებას ნიშნავს.
გზა ანკარას ციხე-სიმაგრემდე მიუყვება ფილაქნებიან, ვიწრო ქუჩას, სადაც სხვადასხვა ტიპის მაღაზიები მდებარეობენ, იქნება ეს სუვენირების, პირსახოცების, ქსოვილების, სუნელებისა თუ მინერალური ქვების. მეტიც, ანკარას ამ ნაწილში ხშირად შეხვდებით ოსმალეთის პერიოდისთვის დამახასიათებელ თეთრ, ხისა და ქვისგან ნაშენ სახლებს.
აღნიშნული ციხე-სიმაგრის გარდა, ანკარაში მთავარ ისტორიულ ადგილად ასევე მიჩნეულია ჰამამნონუს უბანი. ამ ადგილის ისტორია უკავშირდება პერიოდს, როდესაც ანკარა გახდა თურქეთის დედაქალაქი, თუმცა ისტორიკოსები მიიჩნევენ, რომ მისი ფუნდამენტი გაცილებით ძველია. აღსანიშნავია ქოჩათეფეს მეჩეთი, რომელიც ქალაქის ყველაზე დიდი მეჩეთია. იგი აშენებულია 1967-1987 წლებში.
ასევე თანამედროვე ანკარას წინამორბედი ქალაქის ანკირას ღია ცისქვეშა მუზეუმში კი წარმოდგენილია რომაული აბანოების ნანგრევები. ეს ადგილი აქტიურად გამოიყენებოდა მე-8 საუკუნემდე. მოგვიანებით, ხანძარმა გაანადგურა მისი ძირითადი ნაწილი და დღეს შემორჩენილია მხოლოდ პირველი სართული და საძირკველი.
დაისვენეთ კუგულუს პარკში
ანკარაში მცხოვრები ადამიანებისთვის კუგულუს პარკი ძალიან ნოსტალგიურია, რადგანაც ადგილობრივები აქ გედების გამოსაკვებად ხშირად მოდიან. დააკვირდით, დაისვენეთ და ისიამოვნეთ თურქების ყოველდღიური ცხოვრებით.
ანკარაში ეს და კიდევ სხვა მრავალი ისტორიული ღირსშესანიშნაობა არსებობს, რომელიც განაპირობებს მის პოპულარობას ტურისტებში.