2022 წლის თებერვლის მონაცემებით საქართველოს საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარზე შესრულებული ფრენების მიხედვით ლიდერი ავიაკომპანია Geo Sky-ა.
AviaNews-ის მიერ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ 2022 წლის თებერვლის განმავლობაში ქართულმა სატვირთო ავიაკომპანია Geo Sky-მ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ყველაზე მეტი, 34 სატვირთო რეისი შეასრულა.
შესრულებული რეისების მიხედვით TOP-5 სატვირთო ავიაკომპანიების რეიტინგში მეორე პოზიციაზეა ახალი ქართული სატვირთო კომპანია Georgian Airlines-ი, რომელმაც საანგარიშო პერიოდში 15 რეისი განახორციელა. აღსანიშნავია, რომ ავიაკომპანიამ ოპერირება თებერვლის მეორე ნახევრიდან დაიწყო და რამდენიმე დღის განმავლობაში 15 რეისის განხორციელება მოასწრო.
შესრულებული რეისების რაოდენობის მიხედვით მესამე პოზიციაზე ქართული სატვირთო ავიაკომპანია Georgian Airways Cargo, რომელმაც თებერვალში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 10 რეისი განახორციელა.
რეიტინგში მეოთხე პოზიციაზე კი თურქული სატვირთო ავიაკომპანია Turkish Cargo-ა, რომელიც საქართველოს საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარზე თებერვალში 9 რეისს მოემსახურა.
განხორციელებული სატვირთო რეისების მხრივ მეხუთე ადგილზეა უნგრული სატვირთო ავიაკომპანია Fleet Air International-ი. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით თებერვალში ავიაკომპანიამ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 8 სატვირთო რეისი განახორციელა.
საგულისხმოა ისიც, რომ დღეისათვის საქართველოს აეროპორტებიდან ტვირთებს მხოლოდ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ემსახურება.