უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრის ფონზე რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამო სხვადასხვა ქვეყანაში რუსული ავიაკომპანიების 78 თვითმფრინავი დააკავეს.  ამის შესახებ განცხადება რუსეთის ფედერაციის ტრანსპორტის მინისტრმა ვიტალი საველიევმა გააკეთა.

“ჩვენ ქვეყანაში სულ 1,367 ათასი თვითმფრინავი გვყავდა. დავკარგეთ 78 თვითმფრინავი, ისინი ფრენების დროს დააკავეს”, – განაცხადა მინისტრმა რუსეთის ფედერაციის საბჭოს ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე.

ლაინერები დააკავეს, მათ შორის იმ ქვეყნებში, რომლებსაც რუსეთის ფედერაცია მეგობრულად მიიჩნევს – თურქეთში, აზერბაიჯანში, სომხეთში.

საველიევის თქმით, რუსეთის ფედერაცია კვლავ ცდილობს საჰაერო ხომალდების შესყიდვაზე მოლაპარაკებას დასავლურ სალიზინგო კომპანიებთან აწარმოოს. თუმცა ისინი მოლაპარაკებებზე არ მოდიან.

“ჩვენ ვეძებთ სამართლებრივ გზებს, რომ მოვილაპარაკოთ მეიჯარეებთან და გადავწყვიტოთ ეს საკითხი, მაგრამ ჯერჯერობით არ გამოგვივიდა. არის აკრძალვა და დაბრუნების მოთხოვნა. მათ არ სურთ მოლაპარაკებებში შემოსვლა“, – განაცხადა საველიევმა.