საქართველოს მთავრობა რეგულარული ფრენების აღდგენის პოლიტიკას აგრძელებს და 2021 წლის თებერვალ-მარტიდან რეგულარულ ფრენებზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნას კვლავინდებურად გააგრძელებს.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ რადიო “იმედის” ეთერში, გადაცემა “კვირის პოლიტიკა” ნატა მახვილაძესთან ერთად, განაცხადა, რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვების მოხსნა აგვისტოდან ეტაპობრივად დაიწყო, თუმცა COVID-19-ის პანდემიის მეორე ტალღის ფონზე, უკვე გახსნილ მიმართულებებზე თავად ავიაკომპანიებმა შეამცირეს რეისები.

“აგვისტოს შემდეგ ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ მიმოსვლას. მაგრამ რა მოხდა? მეორე ტალღის დროს, როდესაც ინფიცირების მაჩვენებელი გაიზარდა როგორც საქართველოში ასევე ევროპულ ქვეყნებში ავიაკომპანიები თავისი ნებით ამცირებენ ავიამიმოსვლას, ან არ დაფრინავენ. ეს არის დროებითი. ისევ და ისევ ვაქცინაცია და შემზღუდავი ღონისძიებები პანდემიას თანდათან ამარცხებს. აქედან გამომდინარე, თებერვლიდან და მარტიდან ეტაპობრივად დავიწყებთ დარჩენილი რეგულარული მიმოსვლის აღდგენას. რათქმაუნდა ძალიან მკაცრი უსაფრთხოების წესების დაცვით. დღეს ეს გაცილებით მარტივია, იმიტომ რომ მომზადებულები ვართ, მომზადებულია ჩვენი აეროპორტები, მომზადებულები არიან სხვადასხვა ავიაკომპანიები და ქვეყნები შეთანხმდებიან ახალ პროტოკოლებზე: არ ვიცი ეს იქნება ვაქცინაციის ცნობა თუ ტესტირების ცნობა. მე ძალიან ოპტიმისტურად ვარ. ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა არის ღია ცის პრინციპის დანერგვა. რეალურად 80-მდე მიმართულებაზე 50-მდე ავიაკომპანია დაფრინავს და არც ერთს არ გამოუხატავს საქართველოს ბაზრის დატოვების სურვილი და გეგმა. ყველას აქვს ერთი სული, როდის მივცემთ საშუალებას, რომ დაბრუნდნენ და დაიწყონ ოპერირება”, განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრი ამბობს, რომ გლობალური ავიაციის ბიზნესმა, რომელმაც ძალიან დიდი დარტყმა მიიღო, დაამუშავა გარკვეული პროტოკოლები და უკვე ხედავს განვითარების პერსპექტივებს, როგორ იყოს მათი მიმოსვლა უფრო უსაფრთხო.

“ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია ვაქცინაციის დაანონსება და დაწყება. საქართველოშიც ეს ძალიან მალე მოხდება. აქედან გამომდინარე საქართველო, როგორც იყო ერთ-ერთი მიმზიდველი ავიამიმოსვლის ჰაბი, ასევე დარჩება და კიდევ უფრო განვითარდება.

ამ პერიოდში, ჩვენ არ შეგვიჩერებია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარება და მალე, ახალი ტერმინალიც იქნება. ინფრასტრუქტურაში ინვესტიცია კვლავინდებურად იდება. ასევეა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი, სადაც გაფართოების სამუშაოები მიმდინარეობს. ჩვენმა აეროპორტებმა ეს დრო გამოიყენეს იმისათვის, რომ საკუთარი სიმძლავრეები გაეზარდათ. რატომ? იმიტომ, რომ ყველა ელოდება რომ გაზრდილი რაოდენობის მგზავრებს უმასპინძლებს. 

სასიხარულო სიახლეა ის, რომ ჩვენმა ერთ-ერთმა საიმედო და კარგმა პარტნიორმა, ავიაკომპანია Wizz Air-მა განაცხადა, რომ მზად არიან მარტიდან საქართველოსთან სრულად აღადგინონ მიმოსვლა და აღადგინონ/დააბრუნონ საკუთარი ბაზა, რომელიც საბოლოოდ არც არასოდეს გაუყვანიათ, უბრალოდ დროებითი რეჟიმი იყო. რაც პოლიტიკური სპეკულაციების თემაც კი გახდა. ჩვენ მაშინათვე ვთქვით, რომ Wizz Air-ი შემოვიდა ჩვენი მმართველობის პერიოდში და ჩვენ შევუწყვეთ ხელი. Wizz Air-ი ჩვენი მმართველობის პერიოდში გაფართოვდა და ეს კვლავინდებურად ასეც იქნება. პანდემია პანდემიაა და ყველას გარკვეული დროებითი სირთულეები შეუქმნა. თავად აცხადებენ, რომ მარტიდან მზად არიან აღადგინონ ფრენები და აღადგინონ ბაზა. რათქმაუნდა ეპოდემიოლოგიურ ვითარებას ერთად დავაკვირდებით.

ისინი მიმართულებების ზრდისთვის მზად არიან და ეს მოხდება მარტიდან თუ წლის განმავლობაში დამოკიდებული იქნება არამარტო საქართველოში არსებულ ვითარებაზე, არამედ მსოფლიოში არსებულ ვითარებაზე. მიმოსვლა ხომ ორმხრივია”, განაცხადა ნათია თურნავამ.