15 დეკემბრიდან სომხური ავიაკომპანია Armenia თბილისი-ერევანი-მოსკოვის მიმართულებაზე ტრანზიტულ ფრენებს განაახლებს. აღნიშნულის შესახებ განცხადება Armenia-მ facebook-ის მეშვეობით გაავრცელა. ავიაკომპანიის ინფორმაციით, სომხეთში გადაფრენა ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქისათვის თავისუფალია. ხოლო საქართველოს მიმართულებით გადაფრენა კი ნებადართულია თავად საქართველოს მოქალაქეებისათვის და უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის, რომელთაც ქვეყანაში შესვლის სპეციალური ნებართვა (ბიზნესის მიზნით, სტუდენტებისათვის) გააჩნიათ. ასევე იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის, რომელთა მეუღლე საქართველოს მოქალაქეა.

რაც შეეხება რუსეთის მიმართულებით ფრენებს, ქვეყანაში შესვლა შეუძლით რუსეთის მოქალაქეებს და რუსეთში ბინადრობის უფლების მქონე ადამიანებს. ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომელთა ოჯახის წევრიც რუსეთის მოქალაქეა.

ავიაბილეთებში შედის 8 კგ ხელბარგით და 25 კგ ბარგი.

ბილეთების შეძენა კი შესაძლებელია ავიაკომპანიის ოფიციალური ვებგვერდიდან https://www.armeniafly.com/hy

აღსანიშნავია, რომ სომხური ავიაკომპანია Armenia-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე თამაზ გაიაშვილია.

რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, 2019 წლის 8 ივლისიდან რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა აიკრძლა. შესაბამისად რუსულმა კომპანიებმა საქართველოს მიმართულებით ფრენები შეაჩერეს. რეისების შეჩერება მოუხდა Georgian Airways-საც.

მალევე, Georgian Airways-მა  Armenia-სთან ერთად გადაწყვეტილება მიიღო რუსეთ-საქართველოს შორის მგზავრთგადაყვანის განხორციელებისათვის თბილისი-ერევანი-მოსკოვი ტრანზიტული რეისები აემოქმედებინა, რომლის შეჩერებაც, 2020 წლის დასაწყისში, COVID-19-ის პანდემიის ფონზე მოუწია.