თბილისსა და ტრაპიზონს შორის პირდაპირი ავიარეისების დაწყება განიხილება. ფრენებს ქართული ავიაკომპანია AK-AIR GEORGIA განახორციელებს. რეისების დაწყების შესაძლებლობაზე საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციაში უკვე იმსჯელეს, სადაც AK-AIR GEORGIA-ს აღმასრულებელი დირექტორი ლევან მაწიაშვილიც იმყოფებოდა.

როგორც AviaNews-თან საუბრისას ლევან მაწიაშვილმა განაცხადა, ამ დროისათვის ავიაკომპანია არსებულ შესაძლებლობებს სწავლობს და რამდენიმე დღეში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. მისი თქმით, თუ კი ავიაკომპანია დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს, ამის შემდეგ დაიწყება შესაბამის ნებართვებზე და სიხშირეების რაოდენობაზე მუშაობა.

საერთშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ოსმან ჩალიშქან მჟავანაძემ AviaNews-თან საუბარში განმარტა, რომ აღნიშნულ მიმართულებაზე მოთხოვნა არის და თბილისი-ტრაპიზონი-თბილისის საჰაერო ხაზზე ფრენების დაწყება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქალაქებს შორის ტურიზმის განვითარებას. ოსმან ჩალიშქან მჟავანაძის თქმით, თბილისსა და ტრაპიზონს შორის პირდაპირი რეისები კვირაში 2 სიხშირით განხორციელდება, თუმცა მანამდე ავიაკომპანიამ ტექნიკური მხარეები უნდა მოაგვაროს და ფრენების განხორციელებისთვის შესაბამისი ნებართვები მიიღოს. 
შეგახსენებთ, რომ  AK-AIR GEORGIA დღეისათვის შიდა ფრენებს ასრულებს.