ქართულ სატვირთო ავიაკომპანია GEO SKY-მ ექსპლუატაციიდან ამოღებული Boeing 747-200-ის დაშლა დაიწყო. ბორტი, რომელიც ერთ წელზე მეტია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უმოძრაოდ დგას, ავიაკომპანიისთვის გარკვეულ ხარჯს წარმოადგენს. GEO SKY-ს ვიცე პრეზიდენტი შალვა კიკნაძე არ საუბრობს თუ რა ბედი ელის ფიუზელაჟის და ამბობს, რომ გადაწყვეტილების მიღების შემდგომ აუცილებლად შეგვატყობინებს. რესურს ამოწურული და მწყობრიდან გამოსული, ჩამოწერილი საჰაერო ხომალდის გარკვეული სათადარიგო ნაწილები პრაქტიკული სამუშაოებისათვის საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტს გადაეცა სიმბოლურ ფასად.

“ექსპლუატაციიდან ამოღებული Boeing 747-200-ის დაშლის პროცესში ჩართულნი არიან საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებიც, რომლებიც ავიაკომპანიაში პრაქტიკას გადიან. ისინი GEO SKY-ს თანამშრომლებს სხვადასხვა პროცესებში ეხმარებიან და იმავდროულად კვალიფიკაციას იმაღლებენ. საჰაერო ხომალდიდან ნაწილების ამოღებას აქვს თავისი პროცედურა. ისე არ ხდება ავიაციაში ამოვიღე გარკვეული დეტალი და სხვა საჰაერო ხომალდზე გადავიტანე. თითოეულ ამოღებულ დეტალს სპეციალური ინსპექტირება სჭირდება. რიგ შემთხვევაში ამა თუ იმ ნაწილის მწარმოებელთან ან რომელიმე ქარხანაში გაგზავნაც საჭიროა, რათა მოხდეს მისი შემოწმება და რესერტიფიცირება. არის თვითმფრინავის დეტალები, რომლის ინსპექტირება ჩვენი ძალებითაც შესაძლებელია”, ამბობს შალვა კიკნაძე.