თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ახალი ევროპული მიმართულება დაემატა. 27 ივნისიდან თბილისი-კოპენჰაგენი-თბილისის საჰაერო ხაზზე Norwegian-მა რეისების შესრულება დაიწყო. ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე აღნიშნული მიმართულებით ფრენები კვირაში ორჯერ – ყოველ ოთხშაბათსა და შაბათს არის დაგეგმილი.
Boeing 737 MAX 8 ტიპის საჰაერო ხომალდით Norwegian-მა კოპენჰაგენი-თბილისი-კოპენჰაგენის პირველი რეისი უკვე შეასრულა. პირველ ფრენაზე მოთხოვნა განსაკუთრებით მაღალი იყო. კოპენჰაგენიდან თბილისში 186 მგზავრი ჩამოვიდა, რაც სავსე თვითმფრინავს ნიშნავს. თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანიის, „ტავ ჯორჯიას“ ორგანიზებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პირველ მგზავრებს სიმბოლური ღონისძიებით დახვდნენ.
🇩🇰🇬🇪 საქართველოსა და დანიის დედაქალაქებს შორის პირდაპირი ფრენები ისტორიაში პირველად სრულდება – ეს სრულიად ახალი მიმართულებაა თბილისის საერთაშორისო აეროპორტისთვის.
Norwegian ერთ-ერთი წამყვანი სკანდინავიური ავიაკომპანიაა. მისი აქტიური ფლოტი ამჟამად 90-ზე მეტ საჰაერო ხომალდს აერთიანებს. ავიაკომპანია 300-ზე მეტი მარშრუტით და 120-ზე მეტი მიმართულებით დაფრინავს. მისი ძირითადი ბაზები სკანდინავიის ქვეყნებშია.












