თბილისის საერთაშორისო აეროპორტში TAV Georgia-მ საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) ტრეინინგ ცენტრის მენეჯმენტს უმასპინძლა. შეხვედრაზე IATA-ს წარმომადგენლებმა TAV Georgia-ს სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელებს სასწავლო პროცესების სტანდარდების დანერგვის პროცედურები და საქართველოში სასწავლო ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობები გააცნეს.
TAV Georgia-ს ტრენინგ ცენტრი IATA-ს სასწავლო პროგრამების სახელმძღვანელოს 2008 წლიდან იყენებს. აღნიშნული პროგრამების მიხედვით, TAV Georgia წლის განმავლობაში საავიაციო სფეროში მომუშავე 2500-მდე ადამიანს ამზადებს.
საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია (IATA) 1945 დაფუძნდა. ასოციაცია მსოფლიოს მასშტაბით ერთერთი ლიდერია საავიაციო სწავლების სფეროში. IATA ეხმარება საავიაციო ინდუსტრიას გახდეს უფრო უსაფრთხო, მოქნილი და მაღალი პროფესიონალი კადრებით დაკომპლექტებული სფერო.
“ტავ ჯორჯია” “TAV Airports Holding”-ის შვილობილი კომპანიაა და მისი მოღვაწეობა საქართველოში 2005 წელს დაიწყო და მოქმედი კონტრაქტით 2027 წლამდე გაგრძელდება. საქართველოში განხორციელებული 200 მილიონზე მეტი აშშ დოლარის ინვესტიციის შედეგად, 2007 წელს ექსპლოატაციაში შევიდა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ახალი სამგზავრო ტერმინალები. 2016-17 წლებში განხორციელებული ინვესტიციის შედეგად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელდა არსებული ასაფრენ დასაფრენი ზოლის სრული რეაბილიტაცია და ახალი მოფრენის ტერმინალის მშენებლობა. “TAV Airports Holding“ მიერ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განხორციელებული მრავალმილიონიანი ინვესტიციის, აეროპორტების ოპერირებაში მრავალწლიანი გამოცდილებისა და გონივრული მენეჯმენტის წყალობით „ტავ ჯორჯია“ ერთ-ერთ ყველაზე სანდო, სტაბილურ და დინამიურ კომპანიად ჩამოყალიბდა საქართველოში. დღეისათვის „ტავ ჯორჯია“-ში დასაქმებულია 1300 თანამშრომელი.