ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ევროკავშირიდან კიდევ ერთი ახალი პირდაპირი რეისი შესრულდა. პოზნანის რეისს დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში ტრადიციული საზეიმო დახვედრა მოუწვეს. რეისის პირველ მგზავრებს, რომელთა უმეტესობა პოლონეთის მოქალაქეები იყვნენ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთანების“ დირექტორი გიორგი ჩოგოვაძე დახვდა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, მუდმივად მიმდინარეობს ავიაკომპანიებთან მუშაობა იმ მიმართულებით, რომ ევროკავშირიდან საქართველოში დამატებითი მაღალმხარჯველი ტურისტები ჩამოვიდნენ.

“ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს გააჩნია უდიდესი ეფექტი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების კუთხით. მათ შორის ევროკავშირიდან მაღალმხარჯველი ტურისტების შემოყვანის ნაწილში. სწორედ ამ მიზნით, ჩვენ დავისახეთ ამოცანად, რომ გავზარდოთ რეისებისა და ავიაკომპანიების რაოდენობა, რომლებიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ოპერირებენ. მხოლოდ ავიაკომპანია ვიზეარის შემთხვევაში, თუ 2018 წელს რეისები ქუთაისიდან 19 მიმართულებით სრულდებოდა, 2019 წლის ბოლომდე მათი რიცხვი 30 -ს გადააჭარბებს. ხოლო 2020 წლის განმავლობაში 40 -ს გადასცდება იმ რეისების რაოდენობა ევროკავშირის მიმართულებით რომელსაც ავიაკომპანია ვიზეარი შეასრულებს. ჩვენ ვამატებთ ახალ ავიაკომპანიებს, იმ ავიაკომპანიებს, რომლებიც ევროკავშირიდან დამატებითი მგზავრებისა და ტურისტების ჩამოყვანას შეძლებენ”,-განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.

10 სექტემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროკავშირის 7 ქალაქის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული რეისების განხორციელება დაიწყო. პირდაპირი რეგულარული რეისები ბაზელის, კოპენჰაგენის, ბრიუსელის, ტალინის, ეინდჰოვენის, ბარისა და პოზნანის მიმართულებით ხორციელდება.

აღსანიშნავია, რომ ამ მომენტისთვის საქართველოდან შვეიცარიაში, დანიის სამეფოსა და ესტონეთში პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა არ სრულდებოდა.