თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტის საერთო საინვესტიციო თანხას 17 მილიონ დოლარამდე ზრდის.
როგორც TAV Georgia-ში განმარტავენ, მოფრენის ზონაში დასრულებულა საძირკვლის მოწყობის სამუშაოები და მიმდინარეობს რკინა-ბეტონის სამუშაოები რაც კოლონების და გადახურვის მოწყობას მოიცავს.
გაფრენის ზონაში ქვაბულის მოსაწყობად მიმდინარეობს საექსკავაციო სამუშაოები. ხოლო საბარგო ზონის საძირკვლის მოწყობის სამუშაოები დასრულებულია. ასევე სამგზავრო ტერმინალში მიმდინარეობს სახანძრო უსაფრთხოების ახალი სისტემების მოსაწყობად საკომუნიკაციო ქსელების განახლება.
ინფრასტრუქტურული სამუშაოები 2021 წლის თებერვლის ბოლომდე დასრულდება.
შედეგად კი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გამტარუნარიანობა გაორმაგდება. შედეგად კი 2021 წლიდან ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი წელიწადში 1 200 000 მგზავრს მოემსახურება. აეროპორტის გაფართოება მგზავრთა ნაკადის ზრდამ გამოიწვია, რომელმაც 2019 წელს 600 000 გადააჭარბა.