თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბიზნეს ვიზიტორებისთვის PCR ტესტირება უკვე ხელმისაწვდომია. როგორც BM.ge-თან საუბრისას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას განმარტავს, აეროპორტში ხდება ნაცხის აღება, რასაც 10-15 წუთი სჭირდება. ტესტის პასუხების ვადები კი დამოკიდებულია თავად ბიზნეს ვიზიტორის სურვილზე. 

“ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენად სწრაფად სურს ვიზიტორს ტესტის პასუხის გაგება, რაც თავის მხრივ, ფასზეა დამოკიდებული. მაგალითად, თუ ბიზნეს ვიზიტორს სურს PCR ტესტის პასუხი დაჩქარებულად, ანუ 6 საათში მიიღოს, 320 ლარი უნდა გადაიხადოს, ხოლო  24 საათში პასუხის გასაგებად – 250 ლარის გადახდაა საჭირო”, განმარტავს გაბუნია.

მინისტრის მოადგილის თქმით, ტესტის პასუხის მიღებამდე კი ვიზიტორი იმყოფება სასტუმროში, რომელსაც თავად ირჩევს და ვიდრე ტესტის პასუხი არ გახდება ცნობილი, უნდა დარჩეს თვითიზოლაციაში.

“ამაზე პასუხისმგებლობას იღებს მომწვევი ორგანიზაცია. რაც შეეხება სასტუმროს ხარჯებს, მას თავად ვიზიტორი ფარავს.

ჯერჯერობით, ერთეული ვიზიტორები გვყავს. ინფრასტრუქტურა კი გათვლილია იმაზე, რა მოლოდინიც გვაქვს ბიზნეს ვიზიტორების შემოსვლის თავლსაზრისით. ამ დროისთვის, დაახლოებით, 600-მდე განაცხადია შემოსული. საუბარია, დაგროვილ ბიზნეს-განაცხადებზე ანუ იმ საქმიან ვიზიტორებზე, რომლებიც ვერ ახერხებდნენ ქვეყანაში შემოსვლას. სამომავლოდ, დიდი ნაკადი ალბათ მოსალოდნელი არ იქნება. მაგალითად, ჯანდაცვის სექტორში სულ 10 განაცხადია –  ესეც სამედიცინო მიზნებით ვიზიტებს შეეხება. ბიზნეს ვიზიტორებს, ძირითადად, ხუთი უწყება იღებს, ესენია: ეკონომიკის სამინისტრო, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტრო, საგარეო საქმეთა სამინისტრო და სოფლის მეურნეობის სამინისტროები. ბიზნეს მოგზაური თავიდანვე ირჩევს სამინისტროს, რომელიც მის დარგობრივად მიაჩნია. განაცხადს უნდა ახლდეს მოწვევის წერილი. განხილვა ხდება ორ ეტაპად. პირველ რიგში მოწმდება ტექნიკურად რამდენად სწორად არის შევსებული განაცხადი, ასევე ორგანიზაცია, რომელიც მას მოიწვევს რამდენად მოქმედია; დადასტურების შემთხვევაში ხორციელდება მეორე დონის შემოწმება და ხდება პასუხის გაცემა ვიზიტორზე – შემოვა თუ არა ქვეყანაში”, განმარტავს გაბუნია. 

როგორც ცნობილია, მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში საქმიანი ვიზიტით ჩამოსვლა მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან შეუფერხებლადაა შესაძლებელი, მაგრამ აუცილებელია, ვიზიტორმა წინასწარ, სპეციალური აპლიკაცია შეავსოს და ვიზიტი შესაბამის დარგობრივ უწყებასთან შეათანხმოს. საქმიანი ვიზიტით საქართველოში ჩამოსულ სტუმრებს ეკისრებათ ვალდებულება, როგორც ჩამოსვლისას – აეროპორტში, ისე ყოველ 72 საათში ერთხელ, საკუთარი სახსრებით ჩაიტარონ კოვიდ-19-ზე PCR ტესტი ან გაიარონ სავალდებულო 14 დღიანი კარანტინი, ასევე, საკუთარი სახსრებით. აღნიშნული არ ეხებათ ევროკავშირის წევრ იმ 5 ქვეყნის მოქალაქეებს/ბინადრობის ნებართვის მქონე პირებს, რომელთანაც საქართველომ უპირობოდ გახსნა საზღვრები (გემანია, საფრანგეთი, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი).