სტამბოლის ახალ აეროპორტში მგზავრთნაკადმა უკვე 10 მლნ-ს გადააჭარბა. შესაბამისად აეროპორტმა თავის მე-10 მემილიონე მგზავრს სიურპრიზი გაუკეთა. სტამბოლის ათათურქის აეროპორტიდან აეროპორტ სტამბოლში ავიარეისების გადამისამართება 6 აპრილს დასრულდა და ამ ხნის განმავლობაში უკვე 10 მლნ მგზავრის მიღება შეძლო.
“სტამბოლის” მე-10 მემილიონე მგზავრი ესრა ეშლიზი აღმოჩნდა, რომელიც სადღესასწაულო დღეებში სტამბოლიდან იზმირში მიემგზავრებოდა. აეროპორტის მმართველმა კომპანია IGA-მ მგზავრის გახარება გადაწყვიტა და ამიტომ მას მუსიკის ფონზე ყვავილების თაიგული და ტკბილეული გადასცეს. ასევე ის მე-10 მემილიონე მგზავრის სერტიფიკატის მფლობელი გახდა.შეგახსენებთ, რომ აეროპორტი “სტამბოლი” ოფიციალურად 2018 წლის 29 ოქტომბერს გაიხსნა. აეროპორტის მშენებლობის პირველ ეტაპზე 6 მლრდ ევრო დაიხარჯა. აეროპორტი “სტამბოლი” მთლიანობაში 76.5 მლნ კვ/მ-ს აერთიანებს.
რაც შეეხება აეროპორტის გაფართოებას და მეორე ეტაპის მშენებლობას, პროცესი 2023 წლისთვის დაიწყება.
მშენებლობის დასრულების შემდეგ “სტამბოლი” უმსხვილესი აეროპორტი გახდება, რომელსაც 200 მლნ-მდე მგზავრის მიღება შეეძლება.