ავიაციის უძრავი ქონების დეველოპერმა, Blackbird Partners-მა, მისურის შტატში მდებარე Spirit of St. Louis-ის აეროპორტში მასშტაბური პროექტის დაწყების შესახებ განაცხადა. პროექტი, სახელწოდებით „The Nest at SUS“, გამორჩეულია იმით, რომ ის სცილდება სტანდარტული იჯარის მოდელს და მომხმარებელს ანგარების საკუთრებაში შესყიდვას სთავაზობს. თითქმის 13 ჰექტარზე განთავსებული კომპლექსი რვა ანგარისგან შედგება, რომლებიც გაერთიანებული იქნება ოთხ ბეტონის სტრუქტურაში. თითოეული მათგანი მოიცავს სხვადასხვა ზომის სივრცეებს, დაწყებული საშუალო ზომის ბიზნეს-ჯეტებისთვის განკუთვნილი ადგილებიდან, დასრულებული დიდი ფართობებით, სადაც ულტრა-შორ მანძილზე მფრენი თვითმფრინავების განთავსება იქნება შესაძლებელი.

ახალი კომპლექსის მფლობელებს ექნებათ შესაძლებლობა, თავად აირჩიონ შიდა დაგეგმარება და დიზაინი ორსართულიან საოფისე და დასასვენებელ სივრცეებში. მფლობელები გაწევრიანდებიან სპეციალურ ასოციაციაში, რომელიც ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის პრინციპით იმუშავებს და ანგარების ექსტერიერისა და ტექნიკური სისტემების მოვლაზე იქნება პასუხისმგებელი. Blackbird Partners-ის თანადამფუძნებლის, კარსონ ფოქსის განცხადებით, საავიაციო ინფრასტრუქტურა ვერ ეწევა თვითმფრინავების ფლობის განვითარებულ კულტურას, ამიტომ მათი მიზანია შექმნან ისეთი უძრავი ქონება, რომელიც გათვლილია პირდაპირ მფლობელობაზე. პროექტის მშენებლობა 2027 წლის დასაწყისში დაიწყება, ხოლო ექსპლუატაციაში შესვლა მომდევნო წელს იგეგმება.