ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ITB China-ს დაწყებამდე გამოფენაში მონაწილე კომპანიებთან სამუშაო შეხვედრა გამართა და ღონისძიებაზე დაგეგმილი აქტივობები და საორგანიზაციო საკითხებს გააცნო. საქართველოს ტურიზმის დაჯილდოების მმართველი პარტნიორის, ნიკოლოზ სირაძის განცხადებით, ჩინეთის ბაზართან თანამშრომლობის გაღრმავება საქართველოს ტურიზმის სექტორისთვის მნიშვნელოვან შესაძლებლობებს ქმნის.
„ძალიან სასიხარულო ამბავია, რომ საქართველო სტრატეგიულ ურთიერთობას აღრმავებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან. თვის ბოლოს სრული დელეგაციით მივემგზავრებით ITB China-ზე, რაც მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ახალი ბაზრებისა და ახალი პარტნიორების მოსაზიდად. ძალიან საინტერესო პრეზენტაცია ჩატარდა ტურიზმის ადმინისტრაციის მხრიდან, სადაც დამატებითი ინფორმაცია მივიღეთ იმის შესახებ, თუ რა სახის შესაძლებლობები და საერთაშორისო ექსპოზიცია გვექნება გამოფენის ფარგლებში. ჩვენ უკვე დავიწყეთ შეხვედრების ინტენსიურად ორგანიზება და ძალიან პოზიტიური და იმედისმომცემი მოლოდინებით მივემგზავრებით,“ – აღნიშნა ნიკოლოზ სირაძემ.












