სლოვაკეთის საზღვრის კვეთის რეგულაციები შეიცვალა. კორონავირუსის ახალი შტამის „ომიკრონის“ გავრცელების პრევენციის მიზნით, სლოვაკეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, სლოვაკეთის საზღვრის კვეთის რეგულაციებში შევიდა ცვლილებები და 2022 წლის 4 თებერვლიდან მოქმედებს საზღვრის კვეთის შემდეგი რეგულაციები:
• ნებისმიერი, 12 წლის და 2 თვის ასაკის ზემოთ პირი, რომელიც შემოდის სლოვაკეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, შემოსვლამდე უნდა დარეგისტრირდეს შემდეგ ვებ-გვერდზე: https://korona.gov.sk/ehranica/ და საზღვრის კვეთისას უნდა წარუდგინოს მესაზღვრეს შევსებული რეგისტრაცია ელექტრონული ან ამობეჭდილი ფორმით.
• სლოვაკეთში შემომსვლელი სრულად ვაქცინირებული ან კოვიდ-19-სგან ბოლო 180 დღის განმავლობაში გამოჯანმრთელებული პირები, თავისუფლდებიან თვითიზოლაციის ვალდებულებისგან, ვაქცინაციის სერტიფიკატის ან კოვიდ-19-სგან გამოჯანმრთელების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში.
• ვაქცინაციის მოქმედების ვადა განისაზღვრა ვაქცინის ბოლო დოზის მიღებიდან 9 თვე.
სრულად ვაქცინირებულად და/ან კოვიდისგან გამოჯანმრთელებულად ითვლებიან შემდეგი პირები:
• პირები, რომლებმაც ჩაიტარეს ორდოზიანი ვაქცინის მეორე აცრა მინიმუმ 14 დღის წინ, მაგრამ არა უმეტეს 9 თვის წინ;
• პირები, რომლებმაც ჩაიტარეს აცრა ერთჯერადი ვაქცინით მინიმუმ 21 დღის წინ, მაგრამ არა უმეტეს 9 თვის წინ;
• პირები, რომლებიც გამოჯანმრთელდნენ კოვიდ-19-სგან ბოლო 180 დღის განმავლობაში;
• პირები, რომლებიც გამოჯანმრთელდნენ კოვიდ-19-სგან და ჩაიტარეს კოვიდ ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზა გამოჯანმრთელებიდან 180 დღის განმავლობაში, მაგრამ არა უმეტეს 9 თვის წინ.
• არავაქცინირებული პირებისთვის სლოვაკეთში შემოსვლისას კარანტინი განისაზღვრა 5 დღის ვადით ან კარანტინი დასრულდება ვადაზე ადრე კარანტინის პერიოდში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხის მიღების შემდეგ.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ვებ-გვერდზე: www.korona.gov.sk
საქართველოს საელჩო სლოვაკეთის რესპუბლიკაში გისურვებთ ჯანმრთელობას და მოგმართავთ თხოვნით, გააგრძელოთ არსებული უსაფრთხოების ყველა ზომის დაცვა და გაითვალისწინოთ ადგილსამყოფელი ქვეყნის რეკომენდაციები.