ახალმა ქართულმა ავიაკომპანია Georgian Airlines-მა (“საქარველოს ავიახაზები”) საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვების მოწმობა აიღო და რამდენიმე დღეში საჰაერო ტვირთების მომსახურებას შეუდგება. ავიაკომპანია ამ დროისათვის ერთ საჰაერო ხომალდს (Boeing 737-86N) ფლობს, რომელზედაც საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან 28 იანვარს აიღო, 4 თებერვალს კი  საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვების მოწმობის მფლობელი გახდა. აღსანიშნავია, რომ Boeing 737-86N, სარეგისტრაციო ნომრით 4L-IGT, 2000 წელსაა გამოშვებული და მის ოპერირებას იტალიური ავიაკომპანია Alitalia ახდენდა.

როგორც AviaNews-თან საუბრისას Georgian Airlines-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა ირაკლი მეზვრიშვილმა განაცხადა, უახლოეს ხანებში კომპანიის პარკი კიდევ ერთი Boeing 737-ით შეივსება და Georgian Airlines-ი საჰაერო გადაზიდვების ბაზარზე გააქტიურდება.

ირაკლი მეზვრიშვილის თქმით, Georgian Airlines-ი დამკვეთებთან ხელშეკრულებების გაფორმების ეტაპზე და რამდენიმე დღეში დუბაის და დელის მიმართულებით პირველ ჩარტერულ რეისებს განახორციელებს.

„ამ დროისათვის ახალი ავიაკომპანია ვართ, თუმცა დიდი გეგმებით. მსოფლიოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვებზე მოთხოვნა მზარდია და ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარზე კონკურენტული ტარიფებით შევიდეთ და მეტ ტვირთს მოვემსახუროთ. მართალია საწყის ეტაპზე ოპერირებას ერთი ბორტით მოვახდენთ, თუმცა მალე მეორე საჰაერო ხომალდიც შემოგვემატება. არსებული ბიზნესგეგმით ვფიქრობთ, რომ ჩარტერულ სატვირთო რეისებზე ვიქნებით ორიენტირებულნი”, – განაცხადა Georgian Airlines-ის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი მეზვრიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ Georgian Airlines-ი საწყის ეტაპზე სატვირთო გადაზიდვებით იქნება დაკავებული, თუმცა სამომავლოდ, საქმიანობის გაფართოებასა და მოთხოვნის ზრდასთან ერთად სამგზავრო გადაზიდვების სეგმენტშიც გეგმავს შესვლას.