SkyUp Airlines-მა, „უკრზალიზნიციასთან“ და მოლდოველ პარტნიორებთან თანამშრომლობით, კიშინიოვის აეროპორტის მიმართულებით ახალი მულტიმოდალური მარშრუტი სატესტო რეჟიმში აამუშავა. გადაწყვეტილების ფარგლებში, მატარებელი №351, რომელიც კიევისა და კიშინიოვის რეისს ასრულებს, გაგრძელდა რევაკას სადგურამდე. აღნიშნული სადგური კიშინიოვის საერთაშორისო აეროპორტის უშუალო სიახლოვეს მდებარეობს, მგზავრებისთვის კი სადგურიდან აეროპორტის ტერმინალამდე უფასო ტრანსფერია ორგანიზებული.
ახალი მარშრუტი მოგზაურებს საშუალებას აძლევს, ნაკლები გადაჯდომითა და დროის დაზოგვით ისარგებლონ SkyUp-ის ფრენებით კიშინიოვიდან. ავიაკომპანია მგზავრებს კიშინიოვის აეროპორტიდან საზაფხულო სეზონზე ევროპის პოპულარული მიმართულებებით სთავაზობს რეისებს. კერძოდ, ფრენები ხორციელდება საფრანგეთის (ნიცა), ესპანეთის (ბარსელონა, ალიკანტე, მადრიდი, პალმა-დე-მაიორკა), კვიპროსის (ლარნაკა) და საბერძნეთის (სალონიკი, ირაკლიონი, ათენი, კორფუ, ზაკინთოსი) მიმართულებით.
გარდა ამისა, SkyUp-ის საზაფხულო განრიგში კიშინიოვიდან წარმოდგენილია რეისები ირლანდიის (დუბლინი), ალბანეთის (ტირანა) და მონტენეგროს (ტივატი) მიმართულებით. სხვადასხვა სიხშირით შესრულებული ეს ფრენები, განახლებულ სარკინიგზო მარშრუტთან ერთად, მგზავრობის პროცესს უფრო კომფორტულსა და ხელმისაწვდომს ხდის.












