საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) გენერალურმა დირექტორმა, უილი უოლშმა ხაზი გაუსვა ევროპაში კოორდინირებული გეგმების მომზადების აუცილებლობას საავიაციო საწვავის შესაძლო შეზღუდვებთან დაკავშირებით. აღნიშნული საჭიროება ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომით არის განპირობებული.

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს შეფასებით, ევროპაში საწვავის არსებული მარაგები ექვს კვირაში ამოიწურება. IATA-ს პროგნოზით, მაისის ბოლოსთვის ევროპაში შესაძლოა დაიწყოს რეისების მასობრივი გაუქმება საწვავის უკმარისობის გამო, რაც აზიის ზოგიერთ ნაწილში უკვე ფიქსირდება. უოლშის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებას ჰქონდეს მკაფიოდ შეთანხმებული სამოქმედო გეგმა იმ შემთხვევისთვის, თუ ლიმიტების დაწესება გარდაუვალი გახდება.

საწვავის დეფიციტი უკავშირდება ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის ბლოკადას, რაც თებერვლის ბოლოს აშშ-სა და ისრაელს შორის დაწყებული კონფლიქტის შედეგია. ევროკომისია მოუწოდებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, ნებაყოფლობით გაუზიარონ საწვავის მარაგები ერთმანეთს აეროპორტებში შეფერხებების თავიდან ასაცილებლად. მანამდე, 10 აპრილს, აეროპორტების საერთაშორისო საბჭომაც გაავრცელა გაფრთხილება, რომ სრუტის არგახსნის შემთხვევაში ევროპა სამ კვირაში სერიოზული დეფიციტის წინაშე დადგება. ავიაკომპანია KLM-მა კი საწვავის ფასის ზრდის გამო უკვე დაიწყო ათობით რეისის გაუქმება ევროპის მასშტაბით.