COVID-19-ის გამო შექმნილი არასტაბილური გარემოს ფონზე უკრაინული ავიაკომპანია SkyUp Airlines-ი ზაფხულის გეგმებს ცვლის. ავიაკომპანიაში განმარტავენ, რომ COVID-19-ის გამო დაწესებული შეზღუდვების ფონზე უკრაინელებისთვის რიგი ქვეყნების საზღვრები ჩაკეტილია. ამ გარემოებების გათვალისწინებით კი SkyUp Airlines-ი ​იძულებულია ზაფხულის სანავიგაციო პერიოდისთვის გაწერილ გეგმებს გადახედოს და მიმართულებების კორექტირება მოახდინოს.

კორექტირება შეეხება საქართველოს მიმართულებასაც. როგორც SkyUp Airlines-ის განცხადებიდან ირკვევა, ზაფხულის სანავიგაციო პერიოდში ავიაკომპანია რეგულარულ რეისებს აღარ შეასრულებს შემდეგ მიმართულებებზე: 
🔹 ლვოვი – ბათუმი – ლვოვი
🔹 ზაპოროჟიე – ბათუმი – ზაპოროჟიე
🔹 ოდესა – ბათუმი – ოდესა
🔹 ოდესა – თბილისი – ოდესა
🔹 ხარკოვი – თბილისი – ხარკოვი
 SkyUp Airlines-ის განცხადებაში კიევი-თბილისი-კიევის და კიევი-ბათუმი-კიევის მიმართულებაზე საუბარი არ არის, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანიას იმედი აქვს, რომ აღნიშნულ მიმართულებაზე ზაფხულის სანავიგაციო პერიოდში ოპერირებას მოახერხებს. 

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2020 წლის იანვარ-ივნისში ავიაკომპანია საქართველოს აეროპორტებში სულ 34764 მგზავრს მოემსახურა. შესაბამისად, გადაყვანილი მგზავრების მიხედვით ავიაკომპანიის პროცენტული წილი საქართველოს ავიაბაზარზე 5%-ს შეადგენს.