“სამწუხაროდ, ევროპული საქართველოს პროგნოზი გამართლდა – “ქართული ოცნების” მთავრობამ განზრახ შექმნა ვითარება რომელშიც ქვეყანა დე ფაქტო დიდწილად მაინც დახურულია, ფრენები კი იქნება ძალიან ცოტა და ძალიან ძვირი”, – აცხადებს “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიორგი კანდელაკი.

მისი განმარტებით, ინფორმაციამ იმის შესახებ რომ თბილისი-მიუნხენის რეგულარული რეისის განახლების შემდეგ ბილეთის ფასი 4,000-დან 7,100 ლარამდე მერყეობს საზოგადოების სამართლიანი აღშფოთება გამოიწვია.

„ევროპული საქართველოს” სახელით, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ რომ ამგვარი ვითარება ოცნების მთავრობის ორი მავნებლური ნაბიჯის შექმნის შედეგად შეიქმნა:

1. კონკურენციის ხელოვნური შეზღუდვა: აირზენას და, განსაკუთრებით, Wizz Air-ი, რომლის რეგულარული ფრენების განახლებას უამრავი ადამიანი იმედის თვალით შეყურებდა, ფრენები გერმანიასა და საფრანგეთში არჩევნებამდე არაფორმალურად აუკრძალეს.

2. დისკრიმინაციული და ანტიკონსტიტუციური კარანტინის ძალაში დატოვება: ავიაკომპანიების ფასწარმოქმნაში რეისების სიხშირე, მგზავრთა ნაკადი და კონკურენცია მნიშვნელოვანი ფაქტორებია რომელთა შეზღუდვით მთავრობა განზრახ იწვევს ბილეთების ასტრონომიულ გაძვირებას.

ამასთან, ნათია თურნავას განცხადება რომლის თანახმადაც საქართველოს მოქალაქეები იმდენივეს ხარჯავდნენ საზღვარგარეთ რამდენიც უცხოელ ვიზიტორებს შემოჰქონდათ ქვეყანაში მტკნარი სიცრუეა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2019 წელს საქართველოში ტურისტებმა თითქმის ოთხჯერ მეტი ფული დახარჯეს ვიდრე ჩვენმა მოქალაქეებმა საზღვარგარეთ. გარდა ამისა, მას ავიწყდება რომ ადამიანები მხოლოდ დასვენების მიზნით არ მოგზაურობენ – უამრავი ადამიანი ვერ გადის და შემოდის ქვეყანაში ოჯახურ თუ პირად საქმეზე მთავრობის მიერ დაწესებული ბრიყვული და ანტიკონსტიტუციური შეზღუდვების შედეგად. კარანტინის აბსურდულობის წარმოსაჩენად, თუ წარმოვიდგენთ მდგომარეობას რომელშიც მცირეწლოვანი ბავშვები საქართველოს მოქალაქეები არიან ხოლო მათი დედა გამწვანებული ქვეყნებიდან ერთ-ერთის, მაშინ ბავშვები უნდა მოთავსდნენ კარანტინში დედა კი – არა.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მთავრობას დაუკმაყოფილოს მოთხოვნილი სიხშირეები გამწვანებულ ქვეყნებში ყველა ავიაკომპანიას, განსაკუთრებით კი Wizz Air-ს, და მოხსნას დისკრიმინაციული კარანტინის მოთხოვნა საქართველოს მოქალაქეებისთვის თუკი ისინი იმყოფებოდნენ საქართველოს მთავრობის მიერ გამწვანებულ ქვეყნებში. ასევე მოვუწოდებთ ე.წ. გამწვანებული ქვეყნების ნუსხაში შეიყვანოს კარგი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მქონე ქვეყნები, პირველ რიგში კი პოლონეთი”, აცხადებს გიორგი კანდელაკი.