ფრენის უსაფრთხოების მართვის სისტემის შეფასების, შეთანხმებისა და ზედამხედველობის საკითხებზე სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში შიდა ტრეინინგი გაიმართა. სამდღიან კურსს სააგენტოს სააერნაოსნო მომსახურების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი დავით ჭეიშვილი უძღვებოდა, რომელიც ამავე დროს არის ფრენის უსაფრთხოების მართვის ჯგუფის ხელმძღვანელი სააგენტოში.

სასწავლო კურსი მიზნად ისახავდა მონაწილეების, მათ შორის სააგენტოში ახალდასაქმებული თანამშრომლების ცოდნის გაღრმავებას ფრენის უსაფრთხოების მართვის სისტემის შეფასების, შეთანხმებისა და ზედამხედველობის საკითხების ირგვლივ. მიმოხილულ იქნა უსაფრთხოების მართვის სისტემის ეროვნული („უსაფრთხოების მართვის სისტემის ზოგადი წესი“, „საავიაციო მოვლენათა შეტყობინების წესი“) და საერთაშორისო (ICAO Annex 19, Doc 9859) საკანონმდებლო ჩარჩო, ასევე, ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორების მიერ, ავიასაწარმოს უსაფრთხოების მართვის სისტემის დოკუმენტაციის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმების, მისი ეფექტურობის შეფასებისა და მუდმივი ზედამხედველობის უზრუნველყოფის მეთოდოლოგია. ტრეინინგი ითვალისწინებდა პრაქტიკულ დავალებებს.

სასწავლო კურსის დასასრულს, მონაწილეებს სერტიფიკატები სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა, ლევან კარანაძემ გადასცა.

ფასიან თუ სხვადასხვა პროექტის და საერთაშორისო ორგანიზაციის ეგიდით გამართულ ტრეინინგებზე სპეციალისტების წარგზავნის პარალელურად, სააგენტო პერიოდულად მიმართავს შიდა რესურსს, რათა საჭიროებიდან გამომდინარე, უზრუნველყოფილ იქნეს შიდა სასწავლო კურსები თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება/შენარჩუნებისა და მომზადება/გადამზადების მიზნით.