2021 წლის 1-ელი იანვრიდან, ანუ ე.წ. გარდამავალი პერიოდის გასვლის შემდეგ, საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლის შესრულებას საფრთხე არ ემუქრება. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში AviaNews-ის უთხრეს, რომ დიდი ბრიტანეთისა და გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გამოსვლის შემდეგ (Brexit) დაიწყო ე.წ. “გარდამავალი პერიოდი” (Transition Period), რომლის განმავლობაში (31.12.2020-მდე) დიდი ბრიტანეთისათვის ძალაში რჩება ყველა ის ვალდებულება რაც ევროკავშირის წევრობით არის გამოწვეული, მათ შორის ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ შეთანხმებაც, რომლის საფუძველზეც სრულდება ფრენები საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის.

„ზემოთ აღნიშნული გარდამავალი პერიოდის გასვლის შემდეგ, საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლის შესრულებას საფრთხე არ ემუქრება, რადგან ორ ქვეყანას შორის 2010 წელს გაფორმდა შეთანხმება „საჰაერო მიმოსვლის შესახებ“, რომელიც არეგულირებს რეგულარულ ფრენებთან დაკავშირებულ საკითხებს. შესაბამისად, მხარეთა შორის საჰაერო მიმოსვლას დაარეგულირებს აღნიშნული შეთანხმება.

ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის ასევე დაწყებულია მუშაობა ახალი ორმხრივი შეთანხმების გაფორმებაზე, რომლის ტექსტი მხარეთა საავიაციო ხელისუფლებების მიერ შეჯერდა 2018 წლის მაისში და მხარეთა შორის გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი”, აცხადებენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში.

აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში საქართველოსა და დიდი ბრიტანეთს შორის პირდაპირ ავიარეისებს Wizz Air-ი და Georgian Airways-ი ასრულებდნენ.

სამოქალაქო ავიაციის განმარტებით, 2019 წლის მარტის ბოლოდან ქუთაისი-ლონდონის საჰაერო ხაზზე ფრენებს ასრულებს Wizz Air UK, რომელიც განისაზღვრა დიდი ბრიტანეთის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოდ, რაც იძლევა აღნიშნული ავიაკომპანიის მიერ ფრენების უწყვეტად განხორციელების საფუძველს.

„რაც შეეხება თბილისი-ლონდონის მიმართულებით ფრენების შესრულებას ავიაკომპანია Georgian Airways-ის მიერ, მოცემული მომენტისათვის ქართული ავიაკომპანია აღნიშნულ მიმართულებაზე ფრენებს არ ასრულებს, თუმცა  ფრენების აღდგენის სურვილის შემთხვევაში, მიმდინარე წლის ბოლომდე აღნიშნულს განახორციელებს „გარდამავალი პერიოდში“ მოქმედი ერთიანი საჰაერო სივრცის შეთანხმების ფარგლებში, ხოლო 2021 წლიდან ფრენების შესრულებისათვის, ორ ქვეყანას შორის არსებული შეთანხმების შესაბამისად, ქართული ავიაკომპანია უნდა განისაზღვროს დანიშნულ ავიაგადამზიდველად საქართველოს საავიაციო ხელისუფლების მიერ“, ამბობენ სააგენტოში.

შეგახსენებთ, რომ დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი ოფიციალურად 31 იანვარს დატოვა. იმავე დღესვე გავრცელდა ავიაკომპანია Wizz Air-ის განცხადება, რომელმაც განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთის მიმართულებით 2020 წლის ბოლომდე ავიარეისები ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდებოდა. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის ოფიციალურად გასვლიდან (31 იანვარი) 11 თვის განმავლობაში (31 დეკემბერი) Wizz Air-ი გააგრძელებს ევროკავშირის ბაზების ნორმატიულ-სამართლებრივ მხარდაჭერას. 

“ამიტომ ამ პერიოდში დიდი ბრიტანეთის მიმართულებით ავიამიმოსვლაზე ცვლილებები არ იგეგმება”, განმარტეს Wizz Air-ში.