საუდის არაბეთის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Flynas-ი აქციების IPO-ში განთავსებას 80 რიალზე ახორციელებს, რაც მის მიერ ადრე გამოცხადებული ფასების დიაპაზონის ზედა ზღვარს წარმოადგენს. ამის შესახებ „ინტერფაქსი“ ავიაკომპანიის პრესსამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება.

შედეგად, საუდის არაბეთის საფონდო ბირჟაზე აქციების საწყისი საჯარო შეთავაზების საერთო მოცულობა დაახლოებით 4.1 მილიარდ რიალს (1.1 მილიარდი აშშ დოლარი) შეადგენს.

ავიაკომპანია ყიდის 51.26 მილიონ აქციას (30%), რომელთაგან ზოგიერთს მისი ამჟამინდელი აქციონერები, მათ შორის საუდის არაბეთის პრინცის ალვალიდ ბინ ტალალის Kingdom Holding Co. გაყიდიან.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ IPO შეკვეთების წიგნი სრულად შეივსო გახსნიდან რამდენიმე წუთში. განაცხადების შეგროვების შემდეგ, ინსტიტუციონალური ინვესტორების მოთხოვნამ, რომლებსაც IPO-ს დროს განთავსებული აქციების 80%-ის შეძენა შეეძლებათ, მიწოდებას თითქმის 100-ჯერ გადააჭარბა.

IPO ორგანიზატორები არიან BSF Capital, Morgan Stanley Saudi Arabia და Goldman Sachs Saudi Arabis.

ავიაკომპანია აქციების განთავსებიდან მიღებული შემოსავლის გამოყენებას თვითმფრინავების ფლოტის გასაფართოებლად, ასევე ახალი ოპერაციული ჰაბების შესაქმნელად გეგმავს.

Flynas-მა Nas Air ბრენდის ქვეშ ოპერირება 2007 წელს დაიწყო. კომპანია საჯარო შეთავაზების განხორციელებას 2008 წლიდან განიხილავდა და 2018 წელს გარიგების მოწყობის მიზნით აშშ-ის საინვესტიციო ბანკებსაც კი მიმართა.

2024 წელს Flynas-ის შემოსავალმა 2 მილიარდი დოლარი შეადგინა, წმინდა მოგებამ კი დაახლოებით 116 მილიონი დოლარი.