პრემიერ-მინისტრი ავიაკომპანია Georgian Airways-ს მადლობას უხდის. როგორც გიორგი გახარიამ სამშობლოში ჩამოყვანილ მოქალაქეებთან შეხვედრისას განაცხადა, როცა საყვედურია სათქმელი პირდაპირ ამბობს და თუ ამის შემდეგ სუბიექტი მადლობას იმსახურებს, არც ამას მოერიდება და იტყვის.

პრემიერ-მინისტრმა განმარტა, რომ სახელმწიფომ და Georgian Airways-მა საკმაოდ ეფექტურად ითანამშრომლეს და სარეპატრიაციო რეისებით სამშობლოში 12 ათასზე მეტი ადამიანი დააბრუნეს.

„როცა საყვედურია სათქმელი, საყვედურის თქმაც შეგვიძლია და როცა მადლობაა სათქმელი, მადლობაც შეგვიძლია. როცა ავიაკომპანიას საყვედური ეკუთვნოდა, საყვედური ვუთხარით, ამ შემთხვევაში ეკუთვნის მადლობა და რა თქმა უნდა, მადლობა უნდა გადავუხადოთ იმისთვის, რომ მართლა ეფექტური თანამშრომლობა გამოგვივიდა. 12 000-ზე მეტი ადამიანის შეღავათიანი პირობებით, ორგანიზებულად საზღვარგარეთიდან სამშობლოში დაბრუნება არ არის მარტივი საქმე, განსაკუთრებით მაშინ, როცა მიმდინარე კრიზისში ხარ, მიმდინარე პანდემიასთან ბრძოლის ეტაპზე ხარ. საკმაოდ რთული იყო ეს ყველაფერი, თუმცა ეს იყო ჩვენი ვალდებულება, რასაც ვაკეთებდით. განსაკუთრებით მინდა გამოვყო ახალგაზრდები, რომლებიც ამერიკიდან ჩამოვიყვანეთ. ფაქტობრივად, დაგეგმილი იყო ერთობლივი, სპეციალური ღონისძიება, ამერიკის მთავრობასთან ერთად, ჩვენს მეზობლებსაც მივეხმარეთ. ახლა ერთი სული გვაქვს და დარწმუნებული ვართ, ამ ახალგაზრდებსაც, რომლებიც იქ განათლებას იღებდნენ, ერთი სული აქვთ, როდის დამთავრება ეს ყველაფერი და ასევე, დაგაბრუნებთ უკან, იმიტომ, რომ უნდა მიიღოთ კარგი განათლება და დაბრუნდეთ ქვეყანაში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

როგორც ცნობილია პრემიერ-მინისტრმა Georgian Airways-ის დირექტორი ჯერ კიდევ მარტის ბოლოს გააკრიტიკა, როდესაც ავიაკომპანიასთან საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. 

“ვფიქრობ, Georgian Airways-ის დირექტორი ელოდება იმას, რაც უფრო მეტ ფულს გადაუხდიან და სხვას არაფერს, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია  23 მარტს Georgian Airways-ის  ხელმძღვანელის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ ჩარტერული რეისები ევროპიდან საქართველოს მთავრობის განკარგულებით შეჩერდა.

„რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევას, არავის დაავიწყდეს, რომ არის საგანგებო მდგომარეობა. თუ კომპანიები საგანგებო მდგომარეობის შესაბამისად, არ შეასრულებენ ვალდებულებებს, რომელსაც მათ დააკისრებს სახელმწიფო ჩვენი მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ კომპანიების ხელმძღვანელებს ჯერ დაეკისრებათ ჯარიმა, შემდეგ – სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა და განხორციელდება კომპანიების ექსპროპრიაცია სახელმწიფოს ინტერესებში დროებით, რა თქმა უნდა, რათა სახელმწიფომ დაიცვას თავისი ინტერესები. ეს გადაეცით ამ კომპანიის დირექტორს პირადად ჩემგან“, – განაცხადა პრემიერმა.

პრემიერ-მინისტრს უმალვე უპასუხა Georgian Airways-ის გენერალურმა დირექტორმა რომან ბოკერიამ და განაცხადა, რომ  “ადგილი ჰქონდა სამწუხარო გაუგებრობას”.

“ვაცხადებთ, რომ ადგილი ჰქონდა ჩვენთვის სამწუხარო გაუგებრობას, ამ წუთისათვის ჩვენი მხრიდან ყველა ხარვეზი აღმოფხვრილია. გარწმუნებთ, რომ Georgian Airways-ის ერთ მუშტად შეკრული კოლექტივი, როგორც ყოველთვის დარჩება საქართველოს მთავრობის და ხალხის გვერდში, იმოქმედებს საგანგებო სიტუაციის მოთხოვნებითა და წესებით.

მიუხედავად იმისა, რომ ავიაკომპანია უმძიმეს პირობებში იმყოფება, ჩვენ მზად ვართ საკუთარი ხალხის უსაფრთხოებისათვის შესაძლებლობების მაქსიმუმი გავაკეთოთ”, განაცხადა ავიაკომპანიის გენერალურმა დირექტორმა რომან ბოკერიამ იმავე დღეს AviaNews-თან საუბარში.