ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტომ (EASA) პანდემიისგან დაზარალებული ქვეყნების აეროპორტების ჩამონათვალი განაახლა. ევროპის საავიაციო ხელისუფლება ავიაკომპანიებს მოუწოდებს მიიღონ დამატებითი ღონისძიებები და გააძლიერონ სანიტარულ-ჰიგიენური ზომები COVID 19-ის რისკების შესამცირებლად.

აღნიშნულ სიაში არ მოხვდა საქართველოს აეროპორტები, რაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია და მიუთითებს იმაზე, რომ საქართველო არ არის მიჩნეული ეპიდემიოლოგიურად მაღალი რისკის მქონე ქვეყნად. შესაბამისად ავიაკომპანიებს არ მოეთხოვებათ დამატებითი ზომების მიღება საქართველოში ოპერირების შემთხვევაში. აღსანიშნავია, რომ ევროპის საავიაციო ხელისუფლებამ თხუთმეტჯერ განაახლა ჩამონათვალი და საქართველო და მისი აეროპორტები ამ სიაში არც ერთ ეტაპზე არ ყოფილა შეყვანილი.

სიის შედგენისას გათვალისწინებულია შემდეგი პარამეტრები : აქტიური შემთხვევების რიცხვი, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი, ინფიცირების ყოველდღიური სტატისტიკა, ერთ სულ მოსახლეზე ჩატარებული ტესტების რაოდენობა, სიკვდილიანობის მაჩვენებელი და სხვა.

EASA-ს მიერ შემუშავებული ჩამონათვალი ხელმისავდომია ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზე აქ.