კორონავირუსთან დაკავშირებით აეროპორტში მგზავრების ტემპერატურის შემოწმება მოხდება, დისტანციური თერმომეტრების შეძენას ჯანდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს. გადაწყვეტილება დღეს, სამინისტროში შექმნილმა, სპეციალურმა კომისიამ მიიღო. კომისია კორონავირუსის პრევენციის და მისი გავრცელების თავიდან აცილების მიზნით აქტიურად მუშაობს.
„საზღვარზე ჩინეთიდან ჩამოსულ ყველა მგზავრს გაესინჯება ტემპერატურა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება მაღალი რისკის რეგიონებიდან შემოსულ მოქალაქეებზე. მომატებული ტემპერატურის შემთხვევაში უკვე ჩაერთვება ექიმი კლინიცისტი და შეგროვდება ანამნეზი. თუ ჩაითვლება საეჭვოდ, უკვე ტრანსპორტირება განხორციელდება ინფექციურ საავადმყოფოში“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.
„ჩინეთიდან ჩამოსული მგზავრები შემოწმდებიან, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციის შესაბამისად, ეს მოიცავს სიმპტომების შეფასებას, პირველ რიგში მას ექნება საინფორმაციო ბუკლეტი, სადაც მითითებულია საყურადღებო სიმპტომები, მოხდება თერმული სკრინინგი და ვისაც დაუფიქსირდება 38 გრადუსი და მეტი ტემპერატურა, მას ექნება საშუალება, რომ გაიაროს საწყისი ტრიაჟი აეროპორტშივე“, -აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ.
ჩინეთის ქალაქ უჰანში, ვირუსის გავრცელების პარალელურად თბილისის აეროპორტში აქტიურად მუშაობენ ეპიდემიოლოგები. მათ კი დღეიდან კლინიცისტებიც დაემატებიან.
„ეპიდემიოლოგიური სამსახური მობილიზებულია, ექიმები 24 საათიან რეჟიმში არიან, ჩვენ ჩვენი მხრიდან დავეხმაროთ კიდევ უკვე სხვა, გადაუდებელი დახმარების ექიმებს, ტრიაჟის ფუნქციის გააქტიურებისთვის და შემდეგ რა თქმა უნდა რეფერალისთვის იმიტომ რომ დროულად მოხდეს გადამისამართება“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.
ვირუსის გავრცელების გზებთან დაკავშირებით საზოგადოებაში გაჩნდა ეჭვი, შესაძლებელია თუ არა კორონავირუსის ჩინეთიდან ჩამოტანილი ტვირთივით გადადება, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. აღნიშნული ვირუსი გადაეცემა ჰაერწვეთოვანი გზით. საგნიდან ადამიანზე გადადების შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
„კორონავირუსი გადაეცემა ჰაერწვეთოვანი გზით, ანუ ეს არის ვირუსი, რომლის ამ შემთხვევაში, გადაცემის გზა გახლავთ დაინფიცირებული ადამიანიდან ადამიანზე, კონტაქტური გზით, იქნება ეს დაინფიცირებული საგანი თუ რაიმე სხვა ნივთი ამ ვირუსის გადაცემის შემთხვევები აღწერილი არ არის, ამრიგად ჩვეულებრივ, ჰაერწვეთოვანი გზით გადაცემადი ინფექციები ტვირთთან კონტაქტით ან რაიმე სხვა გზით არ გადაეცემა, ამისი საშიშროება რა თქმა უდნა არ არსებობს“, – განაცხადა მინისტრის პირველმა მოადგილემ.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების თანახმად, მაღალი რისკის რეგიონებიდან გამომგზავრების შემთხვევაში, აეროპორტიდან გამოშვებამდე, მგზავრების აქტიური სკრინინგი უნდა მოხდეს.
საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებით აქტიურად ტარდება პრევენციული ღონისძიებები. მობილიზებულია ინფექციური საავადმყოფოები, რომლებიც, საჭიროების შემთხვევაში, მზად არიან პაციენტების სატელეფონო კონსულტაციისთვის, წინასწარი შეფასებისთვის და ასევე ჰოსპიტალიზაციისთვის თუ კი ამის საჭიროება იქნება.
ჩინეთში უკვე ვირუსისგან პირველი განკურნებული პაციენტი დაფიქსირდა. ამას გარდა აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე.
„ჩინეთმა უკვე ოფიციალურად დააფიქსირა განკურნებული პაციენტების შესახებ ინფორმაცია. 6 დღიანი ჰოსპიტალური მკურნალობის შემდეგ პაციენტი გამოეწერა სრულიად თავისუფალი ვირუსისგან, ორმა ანალიზმა დაადასტურა ეს, რაც ნამდვილად საიმედო ინფორმაციაა და ნიშნავს იმას, რომ ბევრ შემთხვევაში ვირუსი დაექვემდებარება მკურნალობას იმ ღონისძიებებით რაც დღეს მედიცინისთვის ცნობილია“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.