ჩინურმა ავიაკომპანია China Southern Airlines-მა პეკინი-ურუმჩი-თბილისის მიმართულებაზე რამდენიმე ავიარეისი გააუქმა. საუბარია სულ ორ რეისზე, რომელიც 25 და 27 იანვარს უნდა განხორციელებულიყო.  როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განმარტავენ, China Southern Airlines-ის რეისების გაუქმება ჩინურ ახალ წელს უკავშირდება.

“ავიარეისების გაუქმება უკავშირდება ჩინურ ახალ წელს და არა კორონავირუსის გავრცელებას. ახალი წლის დღეებში ავიარეისების გაუქმების პრაქტიკა წინა წლებშიც იყო. ავიაკომპანიის ინფორმაციით, აღნიშნული გაუქმება უკავშირდება ჩინურ ახალ წელს”, აცხადებენ სააგენტოში.

სააგენტოში, ავიაკომპანიის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით განმარტავენ იმასაც, რომ ყველა მგზავრი გამომგზავრების აეროპორტებში და საჰაერო ხომალდის ბორტზეც გადის დეტალურ შემოწმებას.

აღსანიშნავია, რომ China Southern Airlines-ი პეკინი-ურუმჩი-თბილისის მიმართულებაზე ოპერირებას კვირაში 3 სიხშირით ახდენს.

შეგახსენებთ, რომ დღეს მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოში შემოსული ყველა მგზავრი კორონავირუსზე აეროპორტშივე შემოწმდება. ​ვირუსთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროში სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა, რომელზეც მხარეებმა ​კორონავირუსის გავრცელების საფრთხეებზე იმსჯელეს. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოში შემოსული ყველა მგზავრი შემოწმდება. მათ თერმული სკრინინგი ჩაუტარდებათ და დისტანციური თერმომეტრებით ტემპერატურა გაეზომებათ, რის შემდეგაც მგზავრებს, რომლებსაც საეჭვო სიმპტომები ან მაღალი ტემპერატურა ექნებათ, სასაზღვრო კონტროლთან მობილიზებული ექიმები გაესაუბრებიან.