საქართველოსა და ისრაელს შორის პირდაპირი ავიარეისები მცირდება და მალე შესაძლოა, დროებით, შეწყდეს კიდეც. აღნიშნულის მიზეზი კი თავად ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილებაა, რომელმაც ახალი ტიპის კორონავირუსის (COVID-19) პრევენციის მიზნით, ქვეყანაში შესვლის მსურველ რეზიდენტ თუ არარეზიდენტ პირებს, 14 დღიანი სავალდებულო კარანტინის გავლა მოსთხოვა.
ამ ფონზე, ისრაელურმა ავიაკომპანიებმა, დროებით, საერთაშორისო ავიარეისების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღეს. შესაბამისად მათ ფრენები შეწყვიტეს საქართველოს მიმართულებითაც.
ისრაელ-საქართველოს შორის გარდა ისრაელური ავიაკომპანიებისა ოპერირებას ახდენდნენ ქართული ავიაკომპანიებიც. Georgian Airways-სა და Myway Airlines-ში სავალდებულო კარანტინზე ამ დროისათვის ოფიციალური NOTAM-ი არ მიუღიათ და შესაბამისად არც საბოლოო გეგმებზე ჩამოყალიბებულან.
Georgian Airways-ში აცხადებენ, რომ ისრაელში შემსვლელთათვის 14 დღიან სავალდებულო კარანტინზე ოფიციალური შეტყობინება ჯერჯერობით არ მიუღიათ, თუმცა არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით თელ ავივის მიმართულებით კვირაში რეისებს 4-5 სიხშირემდე შემცირებას განიხილავენ.
რაც შეეხება Myway Airlines-ს, კომპანიაში განმარტავენ, რომ ჯერ ისრაელიდან ოფიციალურ შეტყობინებას ელოდებიან და ამის შემდეგ გადაწყვეტენ, ისრაელური ავიაკომპანიების მსგავსად, თავადაც შეაჩერებენ თუ არა ფრენებს.
აღსანიშნავია, რომ ზამთრის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში, Georgian Airways-ს საქართველოსა და ისრაელს შორის 13 სიხშირე ჰქონდა დამტკიცებული, ხოლო Myway Airlines-ს კი კვირაში 3 სიხშირე.