თბილისის საერთაშორისო აეროპორტს მარტში, კვირის განმავლობაში, დაგეგმილი ავიარეისების 21%-ი უკვე გაუუქმდა. მიზეზი ახალი ტიპის კორონავირუსია (COVID-19), რომელიც საქართველოს გარდა მსოფლიოს ბევრ სახელმწიფოშია დაფიქსირებული.

თბილისისა და ბათუმის აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერის მოადგილის თეა ზაქარაძის თქმით, მსოფლიოში COVID-19-ის გავრცელების ფონზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კვირაში განსახორციელებელი ფრენების რაოდენობა 21%-ით შემცირდა. გეტყვით, რომ კვირაში დაგეგმილი 259 ფრენიდან განხორციელდება 204 ფრენა.COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს მიმართულებით ფრენები შეაჩერა 11 ავიაკომპანიამ, მათ შორისაა China Southern Airlines-ი, Qeshm Air-ი, Taban Air-ი, Ryanair-ი, EL AL, Israir Airlines-ი, ATA Airlines-ი, Zagros Airlines-ი, Thai Airways-ი, Korean Air-ი. ამასთანავე სიხშირეები შეამცირეს ისეთმა ავიაკომპანიებმაც რომლებიც თბილისიდან სხვადასხვა მიმართულებით ასრულებდნენ ფრენებს”, განმარტავს თეა ზაქარაძე. 

მისივე თქმით, COVID-19-ის პრევენციის მიზნით, თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში სადეზინფექციო სამუშაოები ყოველდღიურად ტარდება. პრევენეციული ღონისძიებების ფარგლებში 4 საათში ერთხელ სპეციალური ხსნარებით მუშავდება სარეგისტრაციო დახლები, საინფორმაციო ცენტრი, აეროპორტში მდებარე კაფე-რესტორნები, დუტი ფრი მაღაზიები და ყველა ის სივრცე სადაც მგზავრი, ან აეროპორტის თანამშრომელი ხვდება”, აცხადებს თეა ზაქარაძე.