“ვიმყოფებით, ქალაქ იანგჭოუში, ვცდილობთ საქართველოში დაბრუნებას, თუმცა ფრენების გაუქმების გამო ვერ ვახერხებთ”, – გვიყვება საქართველოს მოქალაქე ნინა ვაშალომიძე.

“20 იანვარს ჩამოვედით ჩინეთში ჩემს შვილთან, რომელიც ჩინეთში სწავლობს, პირველი კურსის სტუდენტია. Air Astana-ს თვითმფრინავით ჩამოვფრინდით. რა თქმა უნდა, ორივე გზის ბილეთები შეძენილი გვქონდა. უკან 17 თებერვალს უნდა გავფრენილიყავით. ჩემთან ერთად ჩემი შვილის მეგობარი გოგოც იმყოფება. კომპანიამ ფრენა უვადოდ გააუქმა და ამის შესახებ ფოსტაზე წერილი 1-ელ თებერვალს გამომიგზავნეს, თუმცა იგი 2 თებერვალს საღამოს წავიკითხე, ჩინეთში ინტერნეტთან წვდომა არც თუ ისე მარტივია და VPN-ის პროგრამით ძლივს გავხსენი ჩემი ფოსტა. კომპანია გთავაზობდა საჰაერო მომსახურების გაწევას პეკინიდან 3 თებერვალს (რაც ჩემთვის უკვე აღარ ესწრებოდა) ან თანხის დაბრუნებას 2 თვის პერიოდში“, – ამბობს ნინა ვაშალომიძე საინფორმაციო სააგენტო „Business Time”-თან.

მისივე თქმით, დღეს შვილმა უნივერსიტეტიდან წერილი მიიღო, რომელშიც წერია, რომ სწავლა 1-ელ მარტამდე გადაიდო, შესაბამისად, მასაც შეუძლია საქართველოში დაბრუნდეს.

„ბინა გვქონდა დაქირავებული ერთი თვით. 17 თებერვალს ეწურება ვადა და შემდგომი თვის ქირის კი არა, უკვე საკვების თანხაც გვეწურება, რადგან ვითარებიდან გამომდინარე პროდუქტებზე ფასები საგრძნობლად გაიზარდა და ხარჯებმა განსაზღვრულს გადააჭარბა”, -აცხადებს ნინა ვაშალომიძე.

კითხვაზე, მიმართეს თუ არა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში არსებულ საქართველოს საელჩოს, ვაშალომიძე ასე გვპასუხობს:

„სამწუხარო რეალობაა მაგრამ, ინფიცირებულთა რიცხვი დღითიდღე იზრდება, შეაწუხეთ ახლობლები, რომ დაგეხმარონ და გაფრინდითო საქართველოში – ეს პასუხი მივიღეთ საელჩოდან“.

„დღეს საელჩოდან შევიტყვეთ, რომ საფრანგეთს საჰაერო მიმოსვლა ჯერ კიდევ ჰქონია. გაგვაფრთხილეს, რაც შეიძლება სწრაფად იყიდეთ ბილეთები, სანამ საფრანგეთიც ჩაკეტავსო. მოვიძიეთ ბილეთის ფასი „პეკინი-პარიზის“ რეისზე და 2600 ევროდან იწყება. ავიაკომპანიამ, რომც დამიბრუნოს ბილეთის საფასური, რაც ნაკლებად რეალურია, მაინც ვერ შევძლებთ ბილეთის შეძენას. თანაც საფრანგეთში, სავარაუდოდ, ორკვირიანი კარანტინის გავლა მოგვიწევს და შემდეგ, იქიდან ხომ უნდა გამოვფრინდეთ საქართველოში? საელჩოში გვითხრეს, რომ ჩვენ არანაირი დახმარების პროგრამა არ გაგვაჩნია და ნათესავები შეაწუხეთო“, – ამბობს ნინა ვაშალომიძე.

წყარო: „Business Time”